მსხლების წმინდა გიორგის ეკლესია

მსხლების წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხლებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით ერთი, ხოლო სამხრეთით ორი სწორკუთხა ნიშაა. კონქი და კამარა ორივე შეისრულია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია სადა კანკელი.

ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს.

ეკლესია განათებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებით. სამხრეთი შესასვლელი შიგნით არქიტრავული _ გარეთ თაღოვანია. შესასვლელის თაღი შირიმის ქვითაა გადაყვანილი. კარი ნაოთხალია.

ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი ჰქონდა. მინაშენის მხოლოდ დასავლეთი კედელია შემორჩენილი.

კედლები ბევრ ადგილას დაბზარული და გარღვეულია. კამარის დასავლეთი ნაწილი ჩამონგრეულია. სარკმლები დაზიანებულია. საბურავი აყრილია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 138-139