მოღრისის წმინდა გიორგის ეკლესია

მოღრისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ მოღრისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან აღმოსავლეთით 3-4 კმ-ზე დგას წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ნაგებია მოყვითალო ქვიშაქვის კვადრებით. წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია აგური და ყორექვა. ფასადებს აგურის ჰორიზონტალური წყობის სარტყელი მიუყვება.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით ორი, ხოლო სამხრეთით ერთი თაღოვანი ნიშია. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი სოლეაა.

გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ ტოლ მონაკვეთად იყოფა. კამარა ნახევარცილინდრულია. დასავლეთის, ოდნავ შეისრული თაღი კუთხის პილასტრებს ეყრდნობა. ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის კვალი.

ეკლესია განათებულია აღმოსავლეთით თაღოვანი, ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა სარკმლებით. იატაკი მოპირკეთებულია კვადრატული ფილებით. სამხრეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანი — გარედან არქიტრავულია. დასავლეთი და აღმოსავლეთი ფასადების ფრონტონის წყობაში ჩაძირული ჯვრებია გამოსახული. საბურავად გამოყენებულია შიფერი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004