მოსე ვახნიანსკი
მოსე აბრამის ძე ვახნიანსკი (რუს. Моисей Абрамович Вахнянский; დ. 22 ოქტომბერი, 1899, ნოვი-ბუჰი, ახლანდ. მიკოლაივის ოლქი, უკრაინა — გ. 7 აპრილი, 1964, თბილისი) — რუსი ებრაელი რეჟისორი და მსახიობი, პროფესიით მეგზევე-ინჟინერი.
თბილისის IV ვაჟთა გიმნაზია (1918). 1919-1920 წლებში მონაწილეობდა ავჭალის აუდიტორიასთან არსებულ რუსული დრამატული წრის წარმოდგენებში. 1921-1922 წლებში მსახიობად მუშაობდა თბილისის პროლეტკულტის რუსულ თეატრში, 1922-1924 წლებში — მოსკოვის სამხატვრო თეატრში რეჟისორის თანაშემწედ (პარალელურად სწავლობდა ამავე თეატრის მე-2 სტუდიაში), 1924-1927 წლებში კი მოღვაწეობდა ბაქოსა და თბილისის თეატრებში. 1927-1931 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული სახელმწიფო თეატრის რეჟისორი იყო. მომდევნო წლებში მუშაობდა ქ. ბაქოს რკინიგზის სადგურის უფროსად.
1937 წელს ვახნიანსკი ბაქოში დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური მავნებლური დივერსიული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით და გადაასახლეს ცენტრალურ აზიაში (რეაბილიტირებულია 1956 წელს). გადასახლების პერიოდში, 1943-1945 წლებში იყო რეჟისორი მაგადანის სახელმწიფო დრამატული თეატრისა. 1945 წელს დაუბრუნდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრს და იქ გარდაცვალებამდე მუშაობდა. დაკრძალულია ნავთლუღის ებრაელთა სასაფლაოზე.[1]
ვახნიანსკის მნიშვნელოვანი დადგმები: ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი”, „შემოსავლიანი ადგილი”, ს. მიხალკოვის „საგანგებო დავალება”, გ. ვლადიჩინასა და ო. ნეჩაევის „მშვენიერი ვასილისა”, ვ. კატაევის „პოლკის შვილი”, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი” და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 222.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Вахнянский Моисей Абрамович — «Открытый список».
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Вахнянский Моисей Абрамович — Союз Евреев Грузии.