მოსაბრუნის მიძინების ხატის ეკლესია

მოსაბრუნის მიძინების ხატის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მოსაბრუნში. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში.

ძეგლევის ხევში მდებარე დარბაზული ეკლესია თანადროული სამხრეთი მინაშენით, დიდი ზომის რიყის ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშაა. აბსიდის მხრები ოდნავაა წინ გამოწეული.

ეკლესიის დასავლეთი კედელი თითქმის დანგრეულია, დანარჩენი კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლებია.

თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედელშია, თაღი მორღვეულია, ინტერიერში მიწის დონე საგრძნობლად აწეულია.

ეკლესიის სამხრეთიდან მიჯრილი სწორკუთხა მინაშენის კედლები შემორჩენილია 1-1,5 მეტრზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. შემორჩენილია სფერული კონქი და აბსიდის მხრები.

ეკლესიის შესასვლელის მარჯვენა მხარეს ჩასმულია ქვა, რომელზეც ამოკაწრულია ასომთავრული წარწერა. წარწერა დაზიანების გამო არ იკითხება. მინაშენში შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი.

აღმოსავლეთ სარკმლის თავზე ჩასმულია შირიმის ქვა, რომელზეც წარბისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. წარბი მეორდება ჯვრის ზემოთაც.

ეკლესია დაზიანებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 133-134