მონასტერის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი

მონასტერის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი — საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერში . აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში. სამონასტრო კომპლექსი შედგება ეკლესიის, სამრეკლოსა და სატრაპეზოსაგან.

დიდი მოცულობის დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ეკლესიამ არაერთხელ განიცადა გადაკეთება.

გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით შვერილი, ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია შეისრულთაღიანი სარკმელი. სარკმლის ძირში და აბსიდის ცენტრში დგას მასიური ტრაპეზის ქვები. აბსიდს ორსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. საკურთხევლის წინ გვიანდელი კანკელია, ცენტრში აღსავლის კარით და გვერდებზე თაღოვანი ნიშებით. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.

გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით თითქმის თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ეკლესიის ცენტრალურ სივრცეში მოგვიანებით აუგიათ სამი წყვილი მასიური, ოთხკუთხა სვეტი, ჩრდილოეთით და სამხრეთით შექმნილია პასტოფორიუმები. ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. იატაკი მიწაყრილია.

დასავლეთ არქიტრავულ შესასვლელს ნაოთხალები აქვს. ტიმპანზე და წირთხლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

შესასვლელს წინ გვიანდელი, კამაროვანი გადახურვის კარიბჭე აქვს. კარიბჭის თაღები შეისრულია.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან სამლოცველოები, ხოლო სამხრეთიდან მინაშენი აქვს. პირველი სამლოცველო წარმოადგენს დარბაზს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთის გრძივ კედელში ასეთივე ნიშაა. სამლოცველოში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. იგი დამოუკიდებელია და არ უკავშირდება მთავარ ეკლესიას. ეკლესიის ჩრდილოეთის მეორე მინაშენიც აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. ეკლესია მინაშენს ჩრდილოეთის კედელში მოთავსებული შესასვლელით უკავშირდებოდა. კარი ამჟამად ამოშენებულია. ჩრდილოეთის მინაშენების გადახურვა ჩამოქცეულია. სამხრეთ მინაშენს მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეებია შემორჩენილი. აქ იკითხება აბსიდის მომრგვალების მცირე ნაწილი. სამხრეთ შესასვლელთან დამაკავშირებელი კარი ამოშენებულია.

ეკლესიიდან აღმოსავლეთით 10 მეტრში შემორჩენილია ორსართულიანი სამრეკლოს ნანგრევი. სამრეკლო ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები, შირიმი მხოლოდ კუთხეებშია გამოყენებული. სამრეკლოს ნახევარწრიული თაღები ოთხკუთხა სვეტებს ეყრდნობა. მეორე სართული თითქმის ჩამონგრეულია.

სამრეკლოს აღმოსავლეთით სატრაპეზო ემიჯნება. მისი კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გრძივი კედლები დაყოფილია პილასტრების საშუალებით. აღმოსავლეთი კედლის ცენტრში მოწყობილია ნახევარწრიული ბუხარი.

კომპლექსის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 129-130