სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩაჩავა.

მიხეილ კონსტანტინეს ძე ჩაჩავა (დ. 15 ნოემბერი, 1902, ლანჩხუთი — გ. 14 ივნისი, 1983, თბილისი) — ქართველი ქირურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია რედაქტირება

1928 წელს დაამთავრა თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და გახდა ცნობილი ქართველი ქირურგის გრიგოლ მუხაძის მოწაფე, რომლის ხელმძღვანელობითაც დაოსტატდა. 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო ერთი წლის შემდეგ სადოქტორო. 1944-1950 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი. 1950-1968 წლებში განაგებდა პედიატრიული და სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის, 1968-1974 წლებში კი სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრას. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის მეცნიერ-კონსულტანტი. ფათო დიაპაზონის მეცნიერი ხშირად მონაწილეობდა ქირურგთა საერთაშორისო კონგრესებზე, მას ფართოდ უღებდნენ უცხოური კლინიკების კარებს, 1960 წელს ხანგრძლივი ვადით მიიწვიეს ინგლისში.

მიხეილ ჩაჩავა 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის რვა მონოგრაფიაა და ოთხი სახელმძღვანელო. მას დიდი როლი მიუძღვის წყლულოვან დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის საქმეში. იგი აგრეთვე საყლაპავი მილის, გულკერდის ღრუს ორგანოებისა და ძვალ-სახსარის ტუბერკულოზის, პროქტოლოგიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის ინიციატორია საქართველოში. თავისი 55 წლის მანძილზე გაკეთებული ჰქონდა 20 ათასზე მეტი ოპერაცია მარტო გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებზე, მან საქართველოში პირველად შეასრულა გულის მანკის ოპერაციები.

მიხეილ ჩაჩავა დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. 1985 წელს მშობლიური ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოს მიენიჭა მისი სახელი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 376, თბ., 1994