თუმანიშვილის თეატრი
თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი — ქართული თეატრი თბილისში. დაარსდა 1978 წელს მიხეილ თუმანიშვილის მიერ როგორც ექსპერიმენტული თეატრი-სტუდია (თეატრალური სახელოსნო).
ისტორია
რედაქტირება1975 წელს მიხეილ თუმანიშვილმა თავის სტუდენტებთან და თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი თეატრალური დასი, რომელმაც იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მალე დასს „კინოსტუდია ქართული ფილმის“ ხელმძღვანელობის ინიციატივით გამოუყვეს სცენა ძველი კინოსტუდიის ბაზაზე. ასე დაარსდა ახალი ქართული თეატრი, რომელსაც მოგვიანებით კინომსახიობთა თეატრი ეწოდა. თეატრმა დაარსებიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულ თეატრალურ სამყაროში და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. თავისი არსებობის მანძილზე თატრი წარდგა ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის ფესტივალებზე, სადაც არაერთი ნომინაცია მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი „დონ-ჟუანი“ ედინბურგის საუკეთესო ათეულშია შესული. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ასევე თუმანიშვილის „ბაკულას ღორებმა“ და "შუაზაფხულის ღამის სიზმარმა".
1996 წელს გარდაიცვალა მიხეილ თუმანიშვილი და თეატრს მისი სახელი ეწოდა. თეატრში დღემდე ძირითადად მიხეილ თუმანიშვილის მოწაფეები მოღვაწეობენ, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ თეატრის საუკეთესო ტრადიციები და ამავე დროს არ ერიდებიან თამამ ექსპერიმენტებსაც. თუმანიშვილის თეატრს უკავშირდება არაერთი ექსპერიმენტული სპექტაკლი. 2015 წელს სწორედ ექსპერიმენტული სპექტაკლით ("სუფთა სახლი") თუმანიშვილის თეატრში გაიხსნა მცირე სცენა.
სცენა
რედაქტირებათუმანიშვილის თეატრის სცენა რამდენადმე სპეციფიკურია და შექსპირისეულ სცენას წააგავს. სცენას არ გააჩნია ფარდა და კულისები და მაყურებელთან ახლო კონტაქტში შედის. აღსანიშნავია თუმანიშვილის თეატრის სცენის უკანა ფონი, რომელიც თეატრის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. 1992 წელს, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო თეატრში ვერ მოიძებნა სახსრები დეკორაციისთვის, რის გამოც მხატვარმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა მიმართა ასეთ ხერხს: მან სცენის უკან არსებული აგურის კედელი თეთრად შეღება და მასზე მოხატა სპექტაკლის დეკორაცია. მას შემდეგ თუმანიშვილის თეატრის კედლის მოხატულობა უცვლელია.