მირმანოზ ერისთავის ციხე
მირმანოზ ერისთავის ციხე – ციხე-სასახლე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევის ცენტრში. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნისა და სასახლისაგან. განირჩევა მშენებლობის სამი პერიოდი: XVII-XVIII საუკუნეებში აგებულია ციხე-გალავანი, კარიბჭე და ცილინდრული კოშკები; XVIII საუკუნის შუა ხანებში ციხის კარიბჭეზე, მის სამხრეთ კედლის ნაწილზე ეზოდან მიუშენებიათ ორსართულიანი სასახლე; XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე სასახლე გაუფართოებია მირმანოზ ერისთავს (მანანა ორბელიანის მამას).
ციხე-გალავნიდან შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი, კარიბჭე და მათ შორის მოქცეული გალავნის კედლის ქვედა ნაწილი. გალავნის შემორჩენილი ნაწილი გადაკეთებულია მომდევნო მშენებლობის დროს (გაჭრილია სარკმლები). სათოფურები პირვანდელი სახით შემორჩენილია მხოლოდ ერთ-ერთი კედლის შუა ნაწილში.
კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. პირველი სართულის გადახურვა გუმბათოვანია. გუმბათის ქუსლის დონესთან ორი მცირე თაღოვანი სარკმელია. კედლებში ოთხი ნიშია სათოფურებით. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე კედელშია დატანებული. მეორე სართული გადაკეთებულია (განგრეულია კედლები, შექმნილია დიდი ღიობები, გაუქმებულია სათოფურები).
უკეთ არის შემონახული კარიბჭე. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. გადახურვა ბრტყელი აქვს. კარიბჭის შეისრულთაღიანი შესასვლელის გვერდებზე ნახევარწრიული თაღოვანი ნიშებია. ნაგებობა თაღით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილოეთ ნაწილის კედლებში შეისრულთაღიანი შესასვლელებია (აღმოსავლეთის შესასვლელი გვიან მიშენებული სასახლის პირველი სართულის ოთახში გადის).
ადრე აშენებულ სასახლის (32 X 10 მ) სარდაფის სართულში, კარიბჭის გარდა, ხუთი სათავსია, რომელთაგან ოთხს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან. კარიბჭის მხრიდან პირველი ორი სათავსის კედლებში მცირე თაღოვანი ნიშებია. სათავსების სამხრეთის კედელში მცირე სწორკუთხა სარკმლებია, რომლებიც გარეთკენ ვიწროვდება. აღმოსავლეთის კედელზე მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბეა მიდგმული. მირმანოზ ერისთავმა ძველი სასახლის ღიობები გაადიდა და მათი წირთხლები ამოიყვანა აგურით. კოშკს დასავლეთიდან მიადგა ორსართულიანი ნაგებობა, გალავნის (სახლის სამხრეთ კედლის) წინ ააგო აგურის თაღნარი, რომელზედაც ხის სვეტებიანი აივანი მოაწყო. ასეთივე აივანი მიაშენა მეორე სართულსაც ჩრდილოეთიდან. ამ აივნით სასახლე უკავშირდება კოშკზე მიდგმულ ოთახს. მეორე სართულზე ექვსი ოთახია, თითოეულს ჩრდილოეთითა და სამხრეთით მაღალი და განიერი ფანჯრები აქვს. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.