მზია ალექსანდრეს ასული ერისთავი (დ. 20 ივლისი, 1906, ქუთაისი, — გ. 3 მარტი, 1983, თბილისი) — ქართველი პედაგოგ-მეთოდისტი, ბავშვთა და მოზარდთა სამხარეთმცოდნეო ტურიზმისა და ალპინიზმის ფუძემდებელი საქართველოში. ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1961).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება (1929). მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. 1941 წელს საქართველოს პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში დააარსა ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტი. 1952-1974 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერვე ჩამოყალიბებულ ბავშვთა ცენტრალური საექსკურსიო-ტურისტული სადგურს. ერისთავის თაოსნობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაარსდა ბავშვთა ტურისტული ბაზები, გაიშალა ფენოლოგიური მუშაობა საქართველოს 130 სკოლაში. ერისთავი ავტორია რ. რასპეს „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალისა“ და საბავშვო ზღაპრების თარგმანებისა (ფრანგულიდან), რამდენიმე ფუძემდებლური მეთოდური ინსტრუქციისა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მოგონებანი დეიდა მზიაზე. კრებული, თბ., 1999.
  • დეიდა მზია. კრებული, თბ., 2010.