მე, რობოტი — ცნობილი ამერიკელი ფანტასტის, აიზეკ აზიმოვის სამეცნიერო-ფანასტიკური მოთხრობების ციკლი, ერთიანი სიუჟეტური ხაზით, რომელნიც ამ საერთო სახელწოდების ქვეშ ერთიანდებიან. რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკების“ და სტანისლავ ლემის „სოლარისის“ გვერდით შედის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებების სამეულში და აღიარებულია ჟანრის შედევრად. სწორედ კრებულში ჩამოყალიბდა ცნობილი „რობოტიკის სამი კანონი“, რომელმაც მხატვრული ლიტერატურიდან არა მხოლოდ მეცნიერებაში, არამედ თვით წარმოების სფეროშიც გადაინაცვლა და თანამედროვე რობოტების წარმოება სწორედ ამ კანონების მიხედვით მიმდინარეობს.

არაერთგზის ითარგმნა და გამოიცა უამრავ სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ქართულად მარინა მელიწკაურის თარგმანით, გამოსცა გამომცემლობა „ნაკადულმა“ 1988 წელს საერთო კრებულში აზიმოვის სხვა ნაწარმოებთან „მარადისობის აღსასრულთან“ ერთად.

აზიმოვს ნაწარმოების შექმნის იდეა 40-იანი წლების ბოლოს დაებადა, როცა საკმარისი მასალა დაუგროვდა აღნიშნულ თემატიკაზე სამუშაოდ. თავდაპირველად კრებულის სამუშაო სათაური იყო „გონება და რკინა.“ მისმა ამერიკელმა გამომცემელმა აზიმოვს შესთავაზა ესესხა სახელწოდება „მე, რობოტი“ სხვა ავტორისგან და აზიმოვსაც მოეწონა ეს იდეა. ამასთან, ის ნაწარმოები აზიმოვის კრებულთან არავითარ კავშირში არ იყო.

იდეამ რობოტებზე და რობოტიკაზე, კონცეფციამ რობოტიკის სამი კანონის შესახებ საოცრად გაამართლა და აზიმოვს დიდი პოპულარობა მოუტანა, რაც გახდა ბიძგი სიუჟეტურად დაკავშირებული ციკლის გაგრძელებისა სხვადასხვა გვიანდელი რომანების სახით. მაგ: „ფოლადის მღვიმეები,“ „გაშიშვლებული მზე,“ „განთიადის რობოტები,“ „რობოტები და იმპერია“ და სხვ.

ქართულ თარგმანში შესული მოთხრობები (10-დან 9)

რედაქტირება

პრელუდია. რობოტიკის სამი კანონი

რობი

ფერხული

ლოგიკა

ჯერ უნდა დაიჭირო ბოცვერი

მატყუარა

როგორ დაიკარგა რობოტი

გამოსავალი

სამხილები

მთავარ სიუჟეტურ ღერძს, რომელიც ამავდროულად ყველაზე მცირე ადგილს იკავებს, წარმოადგენს ახალგაზრდა ჟურნალისტის ინტერვიუ დოქტორ სიუზენ ქელვინთან, აღიარებულ მოხუცებულ რობოფსიქოლოგთან, რომლის პირადი ცხოვრების ტრაგედია უხამდება მის არაჩვეულებრივ სამსახურებრივ წარმატებას. მოქმედება ხდება 2057 წელს. სიუზენ ქელვინი წარმოადგენს აღიარებულ სპეციალისტს რობოტების ფსიქოლოგიის, ანუ რობოფსიქოლოგიის დარგში და მუშაობს ასევე აღიარებულ კორპორაციაში, რომელსაც ლიდერის პოზიცია უჭირავს მსოფლიო ბაზარზე მოწინავე თაობის პოზიტრონული რობოტების წარმოებაში-U.S. Robots and Mechanical Men, Inc. (კორპორაციის სახელწოდების ალუზიით შეერთებულ შტატებში დღეს რეალურად მართლაც არსებობს კორპორაცია U.S. Robotics, რომელმაც სახელწოდება სწორედ რომანის გავლენით მიიღო). მოხუცი დოქტორი იხსენებს სხვადასხვა ისტორიებს როგორც მისი თანამშრომელი ადამიანების, ასევე მისი მეგობარი რობოტების შესახებ.

გარდა ამ საერთო სიუჟეტური ხაზისა, მოთხრობებს აერთიანებს რობოტებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების თითქმის დეტექტიური, რობოლოგიკასა და ადამიანური ლოგიკის კონფრონტაციაზე დამყარებული დახვეწილი გადაწყვეტები.

სიუზენ ქელვინის გარდა აღსანიშნავია სხვა პერსონაჟები. მაგალითად

გრეგორი პაუელი და მაიკ დონოვანი კორპორაციის ინჟინრები, რომელების სწავლობენ და აგვარებენ რობოტებთან დაკავშირებულ პრობლემებს ყველა შესაძლო და შეუძლებელ ადგილას, უმეტესწილად კოსმოსში.

ალფრედ ლენინგი დოქტორი ლენინგი კორპორაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი და შეიძლება ითქვას, ნაწარმოები ამას გაკვრით მიანიშნებს რომ იგი ქელვინის ერთადერთი მეგობარია ადამიანებს შორის.

პიტერ ბოგერტი კორპორაციის მათემატიკოსი.

სტივენ ბაიერლი მერი, პოლიტიკოსი. სავარაუდოდ რობოტი, რომელიც წარმატებით ინიღბება ადამიანად.

სიუზენ ქელვინის დაბადებამდე (1982) დამთავრდა მესამე მსოფლიო ომი. გამოიგონეს ჰიპერძრავი და პოზიტრონული ტვინი. რამაც შესაძლებლობა მისცა კაცობრიობას მეოცე საუკუნის ბოლოს მზის სისტემის კოლონიზება დაეწყო. 2002 წელს დოქტორმა ლენინგმა პირველი მოძრავი და მოსაუბრე რობოტი გამოიგონა.

ვინაიდან რადგანაც ათასგვარი ჯურის შარლატანების, პოპულისტი პოლიტიკოსების, რელიგიური ფუნდამენტალისტების და მოკლედ ყველა შესაძლო ჯურის ნაძირალის გამო დედამიწის საზოგადოებრივი აზრი უარყოფითადაა განწყობილი რობოტების მიმართ, ამიტომ დედამიწაზე რობოტების ყოფნა მაქსიმალურად შეზღუდულია. მათი საარსებო გარემო მზის სიტემის ტერიტორიაა სხვადასხვა ექსტრემალური გარემოთი-დაწყებული მერკურის გავარვარებული ვერცხლისწყლიანი უდაბნოებიდან, დამთავრებული გაყინული ასტეროიდებით ან სულაც ინტერსოლარული ფრენებით. ამ შემთხვევაში რობოტების მუშაობას ამართლებს ის ფაქტიც რომ მსგავს ექსტრემალურ პირობებში ადამიანები შეუდარებლად უფრო მოწყვლადნი არინ, ვიდრე რობოტები.

ნაწარმოებმა გავლენა იქონია არა მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა დარგზე, არამედ თვით მეცნიერებასა და მრეწველობაზეც კი. სწორედ აზიმოვის მიერ ფორმულირებული რობოტიკის სამი კანონი იქცა თანამედროვე რობოტული ინდუსტრიის საფუძვლად. ანალოგიურად, ფიქციური კორპორაცია U.S. Robots and Mechanical Men, Inc. სახელწოდება ეწოდა თანამედროვე კორპორაცია U.S. Robotics-ს, როგორც ზემოთ ვახსენეთ. კორპორაცია Irobot, რომელიც მტვერსასრუტებს აწარმოებს, სახელწოდებას სწორედ ამ ნწარმოებიდან იძენს. თავად აზიმოვმა რობოტების შესახებ იდეა ცნობილი კარლ ჩაპეკისგან ისესხა, რომელმაც 1920-იან წლებში პირველად გამოიყენა სიტყვა ,,რობოტი."

ამ მომენტიდან სამეცნიერო-ფანტასტიკურ ლიტერატურაში შტურმით შეჭრილმა რობოტებმა მალე დაიწყეს აჯანყებები და ადამიანთა კონტროლიდან გასვლა. ამის საპირისპიროდ რობოტები აზიმოვმა რკინის ლოგიკის და ტექნოკრატული მიდგომის შედეგად კონვეინერული წარმოების პროდუქტად და ადამიანის ერთგულ თანაშემწეებად აქცია, თუმცა როგორც არ იყოს-გამომდინარე იქიდან რომ რობოტიკის სამ კანონს მაინც გააჩნია მოწყვლადი ადგილები, აზიმოვი აიძულა აჯანყება მის შემოქმედებაშიც დაეშვა. თუმცა არა ისეთი უხეში და ბრუტალური, ალოგიკური სახით, როგორც სხვა ფანტასტებთან.

რაც შეეხება ხელოვნებას, ნაწარმოებმა უამრავ მოთხრობაზე, რომანზე, ვიდეოთამაშების ინდუსტრიაზე, ფილმებსა და ანიმაციებზე (მაგ: სთართრექი, სიმფსონები), მუსიკალურ ჯგუფზე, კომპოზიციებზე და ა.შ. იქონია ზეგავლენა. მეტიც, მრავალში მათ შორის გამოყენებულ იქნა როგორც ნაწარმოების სახელი, ასევე სხვადასხვა საკვანძო პერსონაჟის, მომენტის თუ პროცესის სახელწოდება.

ეკრანიზაცია

რედაქტირება

შეუცნობლის გარეთ (ინგ. Out of unknown) სატელევიზიო დადგმა. მოთხრობა ,,ლოგიკის" მოტივებზე. გაერთიანებული სამეფო-1967

ეს ფანტასტიკური სამყარო (რუს. Этот фантастический мир) სატელევიზიო დადგმა. მოთხრობა ,,მატყუარას" მოტივებზე. ყოფილი სსრკ-1987

მე, რობოტი (ინგ. I, Robot) ფილმი. ჰოლივუდი-2004. მიუხედავად იმისა რომ ფილმის სახელწოდება მოდის კრებულის სახელიდან და მასში გვხვდება დოქტორი ქელვინი, აგრეთვე გამახვილებულია ყურადღება რობოტიკის სამ კანონზე; სიუჟეტი უფრო ახლოს დგას აზიმოვის სხვა ნაწარმოებებთან: „ფოლადის მღვიმეები“ და „რობოტი, რომელიც სიზმრებს ხედავდა.“

მოძველება

რედაქტირება

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ ბუნებრივია ნაწარმოების ზოგიერთი ადგილი დღევანდელი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ფონზე მოძველდა-ასე მაგალითად მუშაობა პოზიტრონულ ტვინთან ლოგარითმული სახაზავებით-იდეა, რაც 70 წლის წინ ბოლო მოდა იყო ინჟინერიაში, დღეს უკვე სამუზეუმო ექსპონატად იქცა.