მეწამორის ატომური ელექტროსადგური

სომხეთის აეს ან მეწამორის ატომური ელექტროსადგური (სომხ. Մեծամոր ատոմակայան) — მდებარეობს ქალაქ მეწამორთან, სომხეთი, ერევნიდან დაახ. 30 კმ-ში. ელექტროსადგური აშენდა 1970-იან წლებში და შედგება ორი ენერგობლოკისგან ВВЭР-440 ტიპის რეაქტორებით. ერთი ბლოკის სითბური წარმადობა შეადგენს 1375 მბტ-ს, ელექტრული კი — 440 მბტ-ს. იმ პერიოდში გამოყენებული ტექნოლოგია უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

მეწამორის ელექტროსადგური

ელექტროსადგური აწარმოებს სომხეთის ელექტროენერგიის დაახ. 40%-ს. 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ის დროებით დაიხურა, თუმცა თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკადის გამო, რომელმაც ქვეყანაში ენერგიის უკმარისობა გამოიწვია, სომხეთის მთავრობამ 1993 წელს ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ისევ აამუშავა. მეორე რეაქტორი ექსპლუატაციაში გაუშვეს 1995 წლის 26 ოქტომბერს. არსებული რესურსებით ატომურ ელექტროსადგურს შეუძლია 2016 წლამდე იმუშაოს.

სადგურს მართავს რუსული კომპანია ИНТЕР РАО ЕЭС, РАО ЕЭС-სა და როსენერგოატომის ერთობლივი შვილობილი საწარმო 2003 წლიდან, ხუთწლიანი შეთანხმებით, სომხეთის დავალიანების დაფარვაში დახმარების მიზნით.

სომხეთში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე 1000 ან 1200 მვ სიმძლავრით, რომლის მშენებლობა $5,2 - 7,2 მილიარდი უნდა დამჯდარიყო. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2011 წელს და მწყობრში ჩამდგარიყო 2017 წლისთვის, თუმცა რიგი პრობლემების გამო პროექტი რამდენიმეჯერ გადაიდო. ახალი ატამური ელექტროსადგურის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა, მის ნაცვლად სომხეთის მთავრობამ რუსეთის ხელისუფლების ფინანსური და ტექნოლოგიური დახმარებით გადაწყვიტა მეწამორის არსებული ელექტროსადგურის ექსპლუატაციის გახარგრძლივება ჯერ 2026 წლამდე და შემდგომი გადაწყვეტილებით კი - 2036 წლამდე. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო ქვეყანაში ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად, იმის საფუძველზე, რომ არსებული რეაქტორი რუსეთის ტექნოლოგიური დახმარების შემდგომ უფრო გამძლე და უსაფრთხოა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება