მეორე ენის ათვისება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეორე ენის ათვისება (Second Language acquisition)

რედაქტირება

მეორე ენის ათვისება (SLA, Second Language Acquisition) ინტერდისციპლინური კვლევის სფეროა, რომელიც შეისწავლის მეორე ენის ათვისების კომპლექსურ პროცესს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. კვლევის ეს სფერო შედარებით ახალია და ვიდრე ცალკე დისციპლინად ჩამოყალიბდებოდა, ერთიანდებოდა პირველი ენის ათვისების თეორიებში. მეორე ენის ათვისება შეიძლება მოხდეს, როგორ ოფიციალურ, ასევე ბუნებრივ გარემოში, შესაბამისად განსხვავებულია ენის სწავლა და ათვისება. ათვისების დროს შემსწავლელი ქვეცნობიერად იმახსოვრებს სწორ ლექსიკურ ან გრამატიკულ ფორმებს, ხოლო შესწავლის დროს კი შემსწავლელს უყალიბდება ენის გააზრებული ცონდა.მეორე ენის ათვისების თეორიები და მიდგომები განსხვავებულია. თანამედროვე კვლევები სხვადასხვა პერსპექტივებიდან შეისწავლის მეორე ენის ათვისების მნიშვნელოვან საკითხებს. ლინგვისტური მიდგომები ორიენტირებულია ენის ზოგად ბუნებაზე. ფსიქოლინგვისტიკა სირთულის თეორიას და შემსწავლელთა შორის განსხვავებებს შეისწავლის კოგნიტურ დონეზე. სოციოლინგვისტიკა კი მეორე ენის ათვისებას სოციალურ გარემოს და კულტურულ კონტექსტს ითვალისწინებს. მეორე ენის ათვისების მეთოდებს და სტრატეგიებს კი პედაგოგიკა სწავლობს და არსებულ თეორიებს იყენებს პრაქტიკაში გამოსაცდელად. მეორე ენის ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ და სინტაქსურ დონეებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ძირითადი პრობლემები რაც მეორე ენის ათვიისების პროცესში იქმნება და მათ საფუძველზე ჩამოყალიბდეს თეორიები და სწორი მიდგომები.

კვლევის საწყისი ეტაპები

რედაქტირება

მეორე ენის ათვისების დარგის საწყის ეტაპზე განვითარება უკავშრდება სტრუქტურალიზმს და ბიჰევიორიზმს. ეს უკანასკნელი ეყრდნობოდა ისეთ ფსიქოლოგიურ ცნებებს, როგორიცაა „სტიმული“ ანუ გამღიზიანებელი და პასუხი ანუ მასზე რეაგირება. სხვადასხვა თეორია მეორე ენის შესწავლას უკავშირებდა ახალი ქცევის გამომუშავებას შემსწავლელის მხრიდან. სტრუქტურალიზმი სხვადასხვა ენობრივ დონეებს, ფონემებს, მორფემებს, ფრაზებს და წინადადებებს აჯგუფებდა და მათი სტრუქტურების საფუძველზე ავლენდა ორ ენას შორის განსხვავებებს.რობერტ ლადომ ( 1957) სწორედ ბიჰევიორიზმზე და სტრუქტურალიზმზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა კონტრასტული ანალიზი. მან ყურადღება გაამახვილა სამიზნე და მშობლიურ ენას შორის განსხვავებებზე და მათზე დაყრდნობით შეცდომების აღმოფხვრაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღნიშნული თეორიები სათანადოდ ვერ ახდენდა სფეროში არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, საფუძველი ჩაეყარა უნივერსალურ გრამატიკაზე დაყრდნობით ინტერენის ანუ შუალედური ენის თეორიას. მოგვიანებით კი კრაშენმა წარმოადგინა მეორე ენის ათვისების თეორია ჰიპოთეზების სახით, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ამ სფეროს განვითარებაში.

მეორე ენის ათვისების ლინგვისტიკა

რედაქტირება

მეორე ენის ათვისების უნივერსალურ გრამატიკაზე დაფუძნებული თეორიები

რედაქტირება

როდესაც შემსწავლელი მეორე ენას ეუფლება, მას უნივერსალური გრამატიკის საშუალებით მშობლიური ენის სწორი პარამეტრები აქვს გააზრებული.თუ ეს ორი ენა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა ენობრივ დონეებზე, მაშინ ხდება ე.წ ტრანსფერი მშობლიური ენიდან მეორე ენაში. ტრანსფერი შეიძლება იყოს ბგერების, ლექსიკის, სინტაქსის და აშ. ნეგატიური ტრანსფერი იჩენს თავს როდესაც განსხვავება დიდია, ხოლო თუ მშობლიური და სამიზნე ენა მსგავსია, პოზიტიური ტრანსფერია მოსალოდნელი.

მეორე ენის ათვისების ლინგვისტური კვლევებიდან აღსანიშნავია სელინკერის (1972) თეორია ინტერენაზე ანუ შუალედურ ენაზე. აღნიშნული თეორია იყენებს შეცდომების ანალიზის პრინციპებს. ტერმინი ინტერენა გამოიყენება შუალედურ ეტაპზე შესწავლილი ენის აღსანიშნად. ეს ის ეტაპია, როდესაც შემსწავლელს ნაწილობრიც აქვს დაუფლებული მეორე ენა და გავლილი აქვს საწყისი ეტაპი. შუალედური ენის ჩამოყალიბება დამოკიდებულია როგორც შემსწავლელის უნარებზე , ასევე სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე. შუალედურ ენას მიჩნევენ მესამე ენად, რომელსაც აქვს შემდეგი მახასიათებლები: სისტემურობა, დინამიკურობა, ცვალებადობა და შეზღუდული სისტემა. რადგანაც ენის ათვისება / შესწავლა რთული პროცესია,ძნელია განსაზღვრული საბოლოო ეტაპის გამოყოფა და დადგენა. შუალედური ენის კონცეფციას დიდი ადგილი უკავია აღნიშნულ სფეროში და არაერთი მკვლევარი მიმართავს კვლევის სხვადასხვა მიზნებისთვის.

კრაშენის ჰიპოთეზები

რედაქტირება

მეორე ენის ათვისების ლინგვისტური მიდგომებიდან ასევე გამოიყოფა კრაშენის ჰიპოთეზების სახით წარმოდგენილი თეორიები( კრაშენი 2003, 9-30). მან განასხვავა მეორე ენის ათვისება და შესწავლა და მისი წარმოდგენილი მოდელი შემდგომში გამოიყენებოდა მეორე ენის სწავლების სტრატეგიების და მიდგომების შემუშავებისთვის. კრაშენის ჰიპოთეზების შემდები სახით არის წარმოდგენილი:

  • · ათვისებისა და სწავლის ჰიპოთეზა
  • მონიტორინგის ჰიპოთეზა·
  • ეფექტური ფილტრის ჰიპოთეზა
  • შენატანის ჰიპოთეზა·
  • უნარების გამომუშავების ჰიპოთეზა
  • ემოციური ფილტრის ჰიპოთეზა

აღნიშნულ მიდგომებზე დაყრდნობით, ათვისებას უფრო მეტი ეფექტურობა ახასიათებს , ვიდრე სწავლას, ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ მეორე ენის შესწავლის სათანადო გარემოს, იმისათვის რომ შემსწავლელმა შეძლოს ენის კომპეტენციის დაუფლება.

მეორე ენის ათვისების სოციოლინგვისტიკა

რედაქტირება

სოციოლიგვისტიკა მეორე ენის ათვისებას უკავშირებს სოციალურ და კულტურულ კონტექსტს. გამოიყოფა მიკროსოციალური და მაკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც განმსაზღვრელ როლს ასრულებენ მეორე ენის ათვისების პროცესში. ერთის მხრივ, მიკროსოციალური ითვალისწინებს ვიწრო ჭრილში უშუალო გარემო პირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მაკროსოციალური მოიცავს ფართო ჭრილში გარემოს კულტურულ, საგანმანათლებლო და პოლიტიკურ პირობებს.

ენას ახასიათებს ცვალებადობა. სოციალური კონტექსტი განაპირობებს განსხვავებული ლინგვისტური ფორმების გამოყენებას ყველა ენობრივ დონეზე, ლექსიკურ, ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ და ა.შ. შესაბამისად, გარემო და კომუნიკაციის მახასიათებლები გავლენას ახდენს ენობრივ განსხვავებებზე და მეორე ენის ათვისების ეფექტურობაზე. ენობრივი ვარიაციები დამოკიდებულია ასაკზე, განათლების დონეზე, სოციალურ სტატუსზე და აქედან გამომდინარე განსხვავდება ენის ათვისების პროცესიც. ეს ყოველივე განიხილება მიკროსოციალური კონტექსტის ფარგლებში

მაკროსოციალურ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია ენის სტატუსზე, ენის სიმბოლურ დატვირთვაზე, მეორე ენის შესწავლის ფორმალურ და არაფორმალურ გარემოზე.

აღნიშნული კონტექსტუალური ფაქტორების გათვალისწინება მეორე ენის ათვისებისა და სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია ისეთ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, როგორიცაა- რატომ უადვილდება შემსწავლელთა ერთ ნაწილს მეორე ენის ათვისება და რატომ ურთულდება ზოგიერთს?

მეორე ენის ათვისების ფსიქოლინგვისტიკა

რედაქტირება

ფსიქოლინგვისტიკის სფერომ დიდი გავლენა იქონია მეორე ენის ათვისების თეორიებზე. მიდგომები აღნიშნული დისციპლინის პერსპექტივიდან ყურადღებას ამახვილებს ენასა და ტვინზე, კონკრეტულად კი ენის ორგანიზებასა და ტვინის წყობაზე ნეიროლინგვისტურ კონცეფციებზე დაყრდნობით. საკვლევი კითხვა კი შემდეგია: როგორ იცვლება შემსწავლელის ნევროლოგიური სისტემა როდესაც ხდება მეორე ენის ათვისება? ამის დასადგენად საჭიროა მეორე ენის შსწავლის პროცესზე დაკვირვება სირთულის თეორიის საუძველზე. შემსწავლელთა შორის განსხვავებები, როგორებიცაა ასაკი, სქესი და ა.შ ასევე ის ფაქტორებია, რომლებიც ერთ- ერთ განმსაზღვრელ როლს ასრულებენ მეორე ენის ათვისების პროცესში.

ენა და ტვინი

რედაქტირება

ადამიანის ტვინის მარცხენა ზონა, რომელსაც ბროკას და ვერნიკეს ზონა ეწოდება, უკავშირდება ლაპარაკის უნარს და ლინგვისტურ პროცესებს. კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ენები შესაძლოა უკავშირდებოდეს ტვინის სხვადასხვა ადგილს. აღსანიშნავია, რომ პირველ ენასთან შედარებით მეორე ენა ტვინში ორგანიზების თვალსაზრისით განსხვავებულია, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ასაკზე,ათვისების გარემოსა და გზებზე.

სირთულის თეორია სწორედ პროცესებს და ცვლილებებს განიხილავს , როგორც დაგამწყვეტ ფაქტორებს და ცდილობს მათ ახსნას.უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თეორია განსხვავებულია როგორც ლინგვისტური, ასევე სხვა ფსიქოლინგვისტური თეორიებისგან. ამ მიდგომის თანახმად, მეორე ენის ათვისება მსგავსია რაიმე სხვა უნარების დაუფლებისა, თუმცა ითვალისწინებს კონტექსტს და სოციალურ ფაქტორებს კოგნიტურთან ერთად. ენა მიიჩნევა რთულ სისტემად და მოიცავს შესწავლის პროცესში სხვადასხვა კომპონენტებს და ეტაპებს.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის დამუშავებას, რადგან მეორე ენის შესწავლა კომპლექსური კოგნიტური პროცესია და ეფექტური შედეგის მიღწევა დამოკიდებულია შემსწავლელის გონებრივ მონაცემებზეც. გამოიყოფა შენატანი, დამუშავება და შედეგი.როდესაც შემსწავლელი ითვისებს მეორე ენას , საწყის ეტაპზე აღიქვამს ენის სტრუქტურას, რასაც მოჰყვება უფრო რთული და შემოქმედებითი სტადია. ეს ის ძირითადი თეორიები და საკითხებია, რომლებზეც ფსიქოლინგვისტიკა არის ორიენტირებული მეორე ენის ათვისების კვლევებში.

მეორე ენის ათვისება ტრადიციულ ენობრივ დონეების მიხედვით

რედაქტირება

ტრადიციული ენობრივი დონეები შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ლექსიკა, მორფოლოგია, ფონოლოგია და სინტაქსი. ენის ათვისების ეფექტურობა და კომპეტენცია ყველა დონეზე ერთნაერი შეიძლება არ იყოს.

ლექსიკური დონე

რედაქტირება

მათგან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ლექსიკის შესწავლა, როგორც აკადემიური მიზნებისათვის, ისე საკომუნიკაციო ფუნქციისათვის. ინგლისურ ენაში ძალიან მნიშვნელოვანია წინდებულების, ნაცვალსახელების და დამხმარე ზმნების ცოდნა. როგორც უკვე აღინიშნა, აკადემიური მიზნებისთვის ლექსიკა განსხვავებულია და გამოიყოფა გარკვეულ სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დომინირებს სამეცნიერო ტექსტებში. ორივე შემთხვევაში აუცილებელია ამ განსხვავებული ტიპის სიტყვების თუ ფრაზების შესწავლა.

მორფოლოგიური დონე

რედაქტირება

რაც შეეხება მორფოლოგიას, ამ დონეზე ხდება ლექსიკის განვითარება იმისათვის რომ გრამატიკული ფორმებიც იყოს ზუსტი. მორფოლოგიურ დონეზე იგულისხმება პრეფიქსების, სუფიქსების დამატება, ასევე დაბოლოვებები, რომლებიც გრამატიკულ დროს ან რიცხვს გამოხატავს და ა.შ

ფონოლოგიური დონე

რედაქტირება

კვლევების თანახმად, შემსწავლელი გარკვეული ასაკობრვ ზღვარის შემდეგ ვეღარ შეძლებს მშობლიურად მოსაუბრის მსგავსად წარმოთქმას. ფონოლოგიურ დონეზე მეორე ენის შესწავლა მნიშვნელოვანია, თუმცა მიიჩნევა ნაკლებად პრიორიტეტულად სინტაქსსა და ლექსიკასთან შედარებით, თუ რა თქმა უნდა ხელს არ უშლის გაგებას. პირველი ენიდან მეორე ენაში შესაძლოა მოხდეს ტრანსფერი, თუ ამ ორი ენის ბგერათა სისტემების შორის დიდი სხვაობაა.

სინტაქსური დონე

რედაქტირება

ყოველ ენას აქვს მისთვის დამახასიათებელი სტრუქურა და ელემენტთა განლაგება, წინადადებაში მათი მიმდევრობა. სუბიექტი, ზმნა და ობიექტის პოზიცია შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს მშობლიურ ენასა და მეორე ენას შორის. როგორც აღინიშნა, სინტაქსური ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური კომპეტენციისათვის, ასევე სასაუბრო ენის ასათვისებლად.

აღნიშნულმა თეორიებმა ცხადყო, რომ სხვადასხვა დისციპლინას გააჩნია მეორე ენის ათვისებასთან დაკავშირებული მიდგომები და პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სფეროს განვითარებას და საკითხების უკეთ გააზრებას. მრავალმა ემპირიულმა კვლევამ ჩამოაყალიბა ინტერესის ფოკუსი და მნიშვნელოვანი თეორიული ჩარჩოები. შესაბამისად, კვლევები რომლებიც ორიენტიებულია ლინგვისტურ, კოგნიტურ და სოციალურ მოდელებზე ემსახურება იმ მიზნებს, რომ მეორე ენის ათვისების რთული პროცესი სათანადოდ იქნას შესწავლილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Bloomfield, Leonard.1933. Language. London: George Allen & Unwin Ltd Chomsky, Noam .2002. On Nature and Language. Cambridge: Cambridge University Press.
  2. Gass, Susan M. & Larry Selinker. 2008. Second Language Acquisition: An Introductory Course (3rd ed.). Mahwah, NJ: Lawrence Erlbaum
  3. Krashen, Stephen. 2003. Principles And Practice In Second language Acquisition.Portsmouth, NH:Heinemann.
  4. Lado, Robert.1957. Linguistics across Cultures. Ann Arbor, MI: University of Michigan Press.
  5. სავილიე-ტროიკე ,მურიელ. 2016 შესავალი მეორე ენის ათვისებაში. მთარგმნელი ქეთევან გოჩიტაშვილი. თბილისი: CCIIR სამოქალაქო ინტერგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი. Introducing second language acquisition.pdf (cciir.ge)