მენი ბენიში

ისრაელელი ბიზნესმენი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში 2016 წლიდან

მენი ბენიში (დ. 4 აპრილი, 1969, ფოთი) — ისრაელელი ბიზნესმენი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში 2016 წლიდან.[1]

მენი ბენიში
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1969 (1969-04-04) (55 წლის)
ფოთი
მოქალაქეობა ისრაელის დროშა ისრაელი
ეთნიკურად ებრაელი
ალმა-მატერი ჰაიფას უნივერსიტეტი
საქმიანობა ბიზნესმენი, ინვესტორი, ფილანტროპი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში

ბიოგრაფია

რედაქტირება

მენი ბენიში დაიბადა 1969 წლის 4 აპრილს, ქალაქ ფოთში, სიმიონ და რუსიკო ბინიაშვილების ებრაულ ოჯახში. მოგვიანებით, ოჯახი ალაიას დროს საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვიტავთ.

მენიმ დაამთავრა ჰაიფას უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი და აქტიურად ჩაერთო ბიზნესსა და ფილანტროპიაში. ამჟამად უძღვება რამდენიმე ორგანიზაციას: Benish Group Ltd (დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი), Maof Construction and Development Ltd (პრეზიდენტი და აქციონერი), Interacting Technology (საბჭოს წევრი), YTONG (თანადამფუძნებელი და დირექტორი), ასევე არის ისრაელის ელჩების კლუბსა[2] და ორგანიზაცია „Special in Uniform“-ის მენეჯმენტის წევრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხმარება, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რათა სკოლის პარალელურად ჩაერთონ ისრაელის თავდაცვის ძალებში მოხალისეებად ან მომსახურე ჯარისკაცებად.

2007 წელს მენი ბენიშმა გაიცნო ბიზნესპარტნიორები საქართველოში ილია წულაია და ირაკლი ქაფიანიძე. ამავე წლიდან, მენი არის ქართული დეველოპერული კომპანია „არქის“ მთავარი აქციონერი და ჩართულია საქართველოში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობაში.

მენი ბენიშის მხარდაჭერით შედგა პარტნიორობა ტექ-ჰაბ აკადემიას,[3] ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს[4] და ვების დეველოპერულ ცენტრს შორის, რომელიც თანამშროლობს ებრაეულ სტარტაპებთან და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას 100-ზე მეტი დეველოპერის დახმარებით საქართველოდან ახორციელებს.

2016 წლიდან არის საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში. ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა ებრაულ-ქართული დელეგაციის რამდენიმე სამუშაო ვიზიტი და გადაიდგა ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობის გაღრმავებისკენ. განხორციელდა სხვადასხვა ოფიციალური პირების ვიზიტი, მათ შორის თბილისის მერის, საქართველოს განათლების მინისტრის, სოფლის მეურნეობის მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელის ეკონომიკის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, ისრაელის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში.

2020 წლის 5 მაისს ბენიში დაინიშნა ებრაულ-ქართული სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ;[5][6] ორგანიზაციის მიზანი საქართველოსა და ისრაელს შორის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ბიზნეს-ურთიერთობების გაძლიერებაა.[7]