მეიარაღეთა რიგი, მესაჭურვლეთა რიგი — ძველ თბილისში, ერთ რიგზე განლაგებული მეიარაღეთა სახელოსნოები, სადაც ყველა სახის იარაღს ამზადებდნენ და ვაჭრობდნენ. რუსეთის იმპერიის პერიოდში, რუსულ წყაროებში რუს. Оружейный ряд-ს უწოდებდნენ.

მეიარაღეთა რიგის ფორმირება როსტომ მეფის მიერ გატარებულ ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ რეფორმებს უნდა უკავშირდებოდეს, რომელმაც ნარიყალას ციხიდან სამეფო სასახლე გადმოიტანა და სიონის ტაძარსა და ანჩისხატის ეკლესიას შორის მდებარე ტერიტორიაზე სპარსული გემოვნების შენობა აიშენა. ქალაქის დაგეგმარებაში მთავარი ფუნქცია მიენიჭა სამეფო სასახლის წინ მდებარე მეფის (იგივე ბატონის) მოედანს, რომელსაც დასავლეთის მხრიდან მეიარაღეთა დუქნები ერტყა და საიდანაც იწყებოდა სხვადასხვა ხელოსანთა სავაჭრო რიგები. მეიარაღეთა რიგი 1782 წლისა და 1785 წლის თბილისის გეგმებზეც არის აღნიშნული — „Boutiques d'armuriers et seruriers“. ასევე პორუჩიკ ვ. ჩუიკოს მიერ 1800 წელს შედგენილი გეგმაზეც და ქალაქის სხვა შედარებით გვიანდელ გეგმებზე.

მეიარაღეთა რიგი, რომელიც როსტომ მეფის რეფორმების დროს ფორმირდა, მდებარეობდა იმ ადგილზე, სადაც დღევანდელი ანტონ კათალიკოსის ქუჩის დასაწყისი, კოტე აბხაზის N22-19-ში მდებარე შენობა და მისი ეზოა განლაგებული (ე.წ. მანთაშევის ქარვასლა). ამ მიდამოებში ხელოსანთა დუქნებმა უცვლელად მოაღწიეს 1795 წლამდე, სანამ თბილისს ირანის შაჰი აღა-მაჰმად-ხანი არ დაესხა თავს და მეიარაღეთა რიგები მთლიანად არ გაანადგურა.

მას შემდეგ, რაც ერეკლე დანგრეული ქალაქის აღდგენას შეუდგა, მეიარაღეებს საგანგებო ყურადღება მიაქცია, მის ერთ ბრძანებაში ჩანს, რომ მეფე მოითხოვს მეიარაღე ხელოსნები დაუბრუნდნენ მეფის მოედნის პირას არსებულ ტერიტორიებს და კვლავ ააშენონ შესაბამისი დუქნები.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის შემდეგ, XIX საუკუნის პირველივე ათწლედში მეფის მოედნის ირგვლივ შენდება მთავრობის დაწესებულებათა შენობები. სავარაუდოდ, ამ მიზეზით უნდა მომხდარიყო მეიარაღეთა დუქნების გადატანა ოდნავ მოშორებით, ასიოდე მეტრში სამხრეთით, სიონის ქუჩაზე — თბილისის მთავარი ტაძრის — სიონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს და მის პარალელურ ქუჩაზე, რომელსაც „შუა ბაზარი“ ერქვა (თანამედროვე კოტე აბხაზის ქუჩა, მე-19 საუკუნეში „სომხის ბაზარს“ უწოდებდნენ). მეიარაღეთა დუქნები ძირითადად თავმოყრილი იყვნენ „შუა ბაზრის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სიონის ქუჩის პარალელურად მდებარეობდა. ამ ადგილებში მეიარაღეთა დუქნებმა XX საუკუნის პირველ მესამედამდე მოაღწიეს.

ლიტერატურა

რედაქტირება