მბგერავი აპარატი
მბგერავი აპარატი — ხორხის შიგნითა ზედაპირი გამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომლის ქვეშაც მოთავსებულია სხვადასხვა სისქის ელასტიკური შემაერთებელქსოვილოვანი შრე. ეს შრე ქმნის ეგრეთ წოდებულ ელასტიკურ კონუსს და ოთხკუთხა აპკს. ელასტიკური აპკის შემადგენლობაში ვხვდებით ირიბად განლაგებულ ელასტიკური ბოჭკოების კონებს, რომლებიც შეჯგუფებულია, უმთავრესად, ფარისებრი ხრტილის შიგნითა ზედაპირზე. ელასტიკური კონუსი (ლათ. conus elasticus) ეწოდება ელასტიკური აპკის იმ ნაწილს, რომელიც გადაჭიმულია ფარისებრ ხრტილს, მის ქვემო ნაპირს, ბეჭედისებრ ხრტილის რკალსა და ციცხვისებრი ხრტილის მბგერავ მორჩებს შორის. ელასტიკური კონუსის შუა ნაწილის ბოჭკოები გადაწნულია წინიდან და ქვემოდან ბეჭდ-ფარისებრი შუა იოგის ბოჭკოებთან. ის შემაერთებელ ქსოვილოვანი კონები კი, რომლებიც გადაჭიმულია ფარისებრი ხრტილიდან ციცხვისებრი ხრტილის მბგერავ მორჩებამდე და შეადგენენ ელასტიკური კონუსის ზემო ნაპირს, ქმნიან მბგერავ იოგებს. მბგერავი ანუ ნამდვილი მბგერავი იოგები-ლათ. ligamenta vocalia vera წყვილია (მარჯვენა და მარცხენა), სიმეტრიული წარმონაქმნებია, ისინი მოთავსებულია კისრის მე-4 და მე-5 მალებშუა ხრტილის დონეზე. მათი სიგრძე მამაკაცებში უდრის საშუალოდ 20-24 მმ-ს, ქალებში კი-15-18 მმ, მბგერავი იოგების სისქე დამოკიდებულია მათ დაჭიმულობაზე, რაც ხორციელდება სათანადო კუნთების შეკუმშვა-მოდუნებით. მბგერავ იოგებს შორის დარჩენილ სივრცეში გამავალი ჰაერით წარმოებს მათი რხევა და ხმის წარმოქმნა. ხმის ტემბრი დამოკიდებულია მბგერავი იოგების სიგრძეზე, სისქეზე, დაჭიმულობასა და მოქნილობაზე. ნამდვილ მბგერავ იოგებს შორის რჩება სამკუთხა მოყვანილობის სივრცე, რომელსაც ყია ეწოდება.
ხორხის კუნთების სხვადასხვა ხარისხით შეკუმშვის შედეგად მბგერავი იოგები შეიძლება იყოს მოდუნებული ან დაჭიმული, გარდა ამისა, მათ შორის დარჩენილი სივრცე-ყია, შეიძლება იყოს გაფართოებული ანდა შევიწროებული. იმ შემთხვევაში, როდესაც ყია შევიწროებულია, ამოსუნთქულ ჰაერს წინააღმდეგობის დაძლევა დიდი წნევით უხდება და ვღებულობთ ძლიერ ხმას (ხმამაღალი ლაპარაკი, ყვირილი). შევიწროებული ყიის დროს წარმოიქმნება ხმოვანი ბგერები. როდესაც ყია გაფართოებულია ჰაერი თავისუფლად ამოდის ფილტვებიდან და ვღებულობთ სუსტ ხმას (ხმადაბალი ლაპარაკი, ჩურჩული). გაფართოებული ყიის დროს წარმოიქმნებიან თანხმოვანი ბგერები.
იმ შემთხვევაში, როდესაც მბგერავი იოგები დაჭიმულია, ამოსუნთქული ჰაერი იწვევს მათ ხშირ რხევას რხევის მცირე ამპლიტუდით, რის შედეგადაც ვღებულობთ მაღალ ბგერებს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მბგერავი იოგები მოდუნებულია ანდა სუსტადაა დაჭიმული, ამოსუნთქული ჰაერი იწვევს მბგერავი იოგების მცირერიცხოვანი რხევის ამპლიტუდის გადიდებას, რის შედეგადაც ვღებულობთ დაბალ ბგერებს, ბგერათა ჯამი იძლევა ხმას.
ელასტიკური აპკის მეორე შემადგენელი ნაწილი ეგრეთ წოდებული ოთხკუთხა აპკი (ლათ. membrana quadrandularies) იწყება ხორხ-სარქველის ნაპირებიდან და ფარისებრი ხრტილის კუთხიდან და უმაგრდება რქოვანა და ციცხვისებრი ხრტილების შიგნითა ზედაპირს. ოთხკუთხა აპკის ქვემო ნაპირი ქმნის პარკუჭის ზემო კიდეს, ანუ ცრუ მბგერავ იოგს. ეს იოგი იწყება ფარისებრი ხრტილის შიგნითა კუთხიდან და უმაგრდება ციცხვისებრი ხრტილის სამკუთხა ფოსოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- თვალაძე გ., ადამიანის ანატომია, ტ. 2, გვ. 61-62.