მახიარეთის მთავარანგელოზის ეკლესია

მახიარეთის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მახიარეთში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

დარბაზული ეკლესია კარგად თლილი ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია.

ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს ასევე სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი, საფეხურებიანი სარკმელი. სარკმლის ძირში ორმაგთაღიანი ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო თაღოვანი ნიშია. სფერულ კონქზე გადასვლა ხდება ტრომპების საშუალებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკის დონე სამი საფეხურით მაღალია დარბაზთან შედარებით.

გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრების კაპიტელს ეყრდნობა.

ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის შეისრულთაღიანი სარკმლებით. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედელში თითო სწორკუთხა ნიშაა.

სამხრეთის არქიტრავული შესასვლელი ნაოთხალია. კარის თავზე ლუნეტი ამოშენებულია. ეკლესიის მთელ პერიმეტრს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. იატაკი მიწაყრილია.

ეკლესიას სამხრეთიდან თანადროული მინაშენი აქვს. მინაშენის კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთით - ვიწრო სარკმელია. ეკლესიის საბურავად გამოყენებულია ფიქალი. ლავგარდანი მარტივპროფილიანია.

ეკლესიიდან სამხრეთით 3-4 მეტრში შემორჩენილია სატრაპეზო. მისი კედლები 2-3 მეტრზეა, გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მოწყობილია არქიტრავული ნიშები.

ეკლესიის კედლები დეფორმირებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 121-122