მახიარეთის ეკლესია

მახიარეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მახიარეთში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

დარბაზული ეკლესია კარგად თლილი ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი, საფეხურებიანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო თაღოვანი ნიშია. სფერულ კონქზე გადასვლა ხდება ტრომპების საშუალებით. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს

ეყრდნობა. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია შვერილებით. საკურთხევლის წინ სამსაფეხურიანი სოლეაა. კედლებში შემორჩენილია კანკელის ბუდეები.

გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრები დასრულებულია კაპიტელებით, რომელთაც ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიას მთელ პერიმეტრზე ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს.

ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. ნაოთხალი შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. არქიტრავის თავზე ამოშენებულია ლუნეტი.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან თანადროული მინაშენები აქვს. სამხრეთ მინაშენის კედლების სიმაღლე 2-2,5 მეტრს აღწევს, მინაშენი ჩახერგილია ჩამონაშალი ქვით. არქიტრავული შესასვლელი მოთავსებულია სამხრეთ კედელში. ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია მინაშენის კამარის ნაწილი.

ეკლესია ჩრდილოეთის მინაშენს აბსიდში გაჭრილი არქიტრავული კარით უკავშირდება. მინაშენი გრძელ სათავსს წარმოადგენს. გადახურვა კამაროვანია. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელი და ნიშაა.

ეკლესიის საბურავად გამოყენებულია დიდი ზომის ფიქალი. კარნიზი მარტივპროფილიანია.

ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები.

სახურავი თითქმის აყრილია, კედლები დაბზარულია, მიწის დონე ეკლესიის გარშემო აწეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 124-125