მასხალათიკამუფლაჟის ტიპი, რომლის დანიშნულებაა ადამიანი ველურ გარემოში რთულად შესამჩნევი გახადოს მცენარეულობის, თოვლის ან ქვიშის იმიტირებით. როგორც წესი, მასხალათი შედგება ბადის ან ნაჭრის მოსასხამისგან, რომელიც გრძლად ჩამოშვებული სხვადასხვა ტიპის გრძივი ქსოვილითაა დაფარული, რათა მაქსიმალურად მიემსგავსოს ფოთლებსა და ტოტებს. ხანდახან მასხალათს უმატებენ ადგილობრივი ბუნების ნამდვილ ელემენტებს, როგორიცაა, მაგალითად, ფოთლებიანი წვრილი ტოტები.

მასხალათში გამოწყობილი სნაიპერი.

სამხედროები, პოლიცია, მონადირეები და ხანდახან ბუნებაში მყოფი ფოტოგრაფებიც კი იყენებენ მასხალათს, რათა ველურ გარემოში მაქსიმალურად შეუმჩნევლები იყვნენ სამიზნისა თუ მტრისათვის. მასხალათი მის მტარებელს სამგაზნომილებიანი ბუნების ვიზუალს აძლევს, რითაც ის ტანსაცმლის უბრალო კამუფლაჟზე ბევრად ეფექტურია. თუ მასხალათი სწორადაა დამზადებული, ის ქარში ზუსტად ისევე იმოძრავებს, როგორც გარშემო ბუნებაში არსებული მცენარეულობა. ზოგიერთი მასხალათი მზადდება მსუბუქი და ადვილად განიავებადი მასალით, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს მის ქვემოთ შიდა პერანგი ჩაიცვას.

კარგად დამზადებული მასხალათი ძალიან ეფექტურია კამუფლირებისთვის. ბუნებაში კარგად შერწყმული მასხალათისა და მასში გამოწყობილი ჯარისკაცის ვიზუალურად შემჩნევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ახლო მანძილზეც კი. თუმცა მასხალათი ადამიანს ვერ იცავს თერმული კამერების წინააღმდეგ. პირიქით, მძიმე მასხალათმა და მასში დაგროვილმა ზედმეტმა სითბომ შესაძლოა ჯარისკაცი უმასხალათო თანამებრძოლზე უფრო შესამჩნევიც კი გახადოს თერმული ხედვის მოწყობილობაში.

მასხალათის პირველი სამხედრო გამოყენება გვხვდება ბურების მეორე ომში, როცა კამუფლირების ეს მეთოდი შოტლანდიური მთიელთა პოლკის ლორდ ლოვატის მზვერავებმა გამოიყენეს, რომლებიც შემდეგ 1916 წელს ბრიტანული არმიის სნაიპერთა პირველი დანაყოფი გახდნენ. ლოვატის მზვერავების რიგებს თავდაპირველად მაღალმთიანი შოტლანდიის მონადირეებით აკომპლექტებდნენ. პირველ მსოფლიო ომთან შედარებით მასხალათი უფრო აქტიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში ყველა მებრძოლი მხარის მიერ. მასხალათით კამუფლირება მას შემდეგ აქტუალურ და გავრცელებულ შენიღბვის მეთოდად ჩამოყალიბდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kevin Dockery: Stalkers and Shooters: A History of Snipers. Penguin, 2007.
  • Martin Pegler: Out of Nowhere: A History of the Military Sniper. Osprey Publishing, 2004.