მარტიანის კვირაცხოვლის ეკლესია

მარტიანის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტიანის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე, ნასოფლარ ყველდაბაში. ეკლესია დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. შემორჩენილია დასავლეთი კედელი, რომლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს და სამხრეთ-დასავლეთი კუთხე. ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია ეკლესიის ჩრდილოეთი მინაშენი. აქ შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2 მეტრია. მინაშენში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი ნაოთხალია. აღმოსავლეთ კედელში მოთავსებულია სარკმელი. მინაშენის და ეკლესიის აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები დანგრეულია. ეკლესიის ჩრდილოეთით შემორჩენილია სამრეკლოს მასიური ოთხკუთხა ფორმის სამი სვეტი. ძეგლს გარშემო მაღალი გალავანი შემოუყვებოდა. გალავნის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების კვალი არ იკითხება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 118