მათეოს განძასარელი

მათეოს განძასარელი (სომხ. Մաթեոս վանական Գանձասարի վանքից) — XV საუკუნის სომეხი მემატიანე, ბერ-მონაზონი.

მათეოს განძასარელს შეუდგენია „საწელიწდო“, რომლის თანდართული ანდერძი (1417) გვაწვდის ცნობას XV საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის, ყარა-ყოიუნლუს თურქმანებთან ქართველებისა და შარვანელების ერთობლივი ბრძოლის შესახებ. 1411 წელს ყარა-იუსუფი შარვანში შეიჭრა. შარვან-შაჰმა დახმარება სთხოვა საქართველოს მეფეს კონსტანტინე I (1407-1411), რომელიც 2000 მხედრით შეეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში, მოკავშირეების შეუპოვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი დამარცხდნენ. კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი. ეს ცნობა ქართული წყაროებითაც (ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი; ვახუშტი) დასტურდება. მათეოს განძასარელის ანდერძთან ქართული წყაროების შეჯერებით ვიგებთ არა მხოლოდ კონსტანტინე I-ის მოკვლის ადგილს, არამედ მიზეზსაც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბულაძე ი., მათეოს განძასარელის ცნობა ქართველთა მეფის კონსტანტინეს შესახებ, „ენიმკის“ მოამბე, 1940, ტ. 5–6;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1982 (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება