მათემატიკური მუდმივა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მათემატიკური მუდმივა განსაკუთრებული მნიშვნელობის რიცხვია (ხშირად ნამდვილი რიცხვი), რომელიც მათემატიკის რომელიმე დარგში იჩენს თავს. ფიზიკური მუდმივებისგან განსხვავებით, მათემატიკურ მუდმივას არ გააჩნია საზომი ერთეული.

ზოგიერთი მათემატიკური მუდმივა — მაგალითად, e და π — მათემატიკის მრავალ დარგში იჩენს თავს. ზოგი მუდმივა კი — მაგალითად, გრეჰემის რიცხვი და სკიუზის რიცხვი — უფრო ვიწრო კონტექსტში გამოიყენება, თუმცა მათ მაინც მუდმივის სტატუსი აქვთ სხვადასხვა თვისებების ქონის გამო: ზოგიერთი რიცხვთა გარკვეული კლასის ყველაზე ადრე აღმოჩენილი წარმომადგენელია, ზოგი — უმცირესი ან უდიდესი წარმომადგენელი. მრავალ მათემატიკურ მუდმივას საკუთარი სახელი აქვს. მიიჩნევა, რომ მუდმივები მათემატიკაში „ბუნებრივად“ ჩნდება, თუმცა, ცხადია, რიცხვისთვის მუდმივის სტატუსის მინიჭება სუბიექტური გადაწყვეტილებაა და უმთავრესად გემოვნების საკითხია. ზოგიერთი მათემატიკური მუდმივა მისი ისტორიითაა უფრო ცნობილი, ვიდრე მათემატიკური თვისებებით.

შესაძლებელია მუდმივების დალაგება მათი ზომის მიხედვით, თუმცა კლასიფიკაციის სხვა გზებიც არსებობს (მაგალითად, უწყვეტი წილადის ფორმულების მიხედვით).