მავაში — (იაპონ. 廻し?) — ნაჭრის სახვევი, რომელსაც სუმოს მებრძოლები ატარებენ ვარჯიშისა და შეჯიბრების დროს.

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) 2009 წლის მაისის ბაშოზე ლურჯი ფერის მავაშით ასპარეზობდა.

პროფესიული სუმოს ორივე ელიტური დივიზიონის — ჯურიოსა და მაკუუჩის — მებრძოლები (სეკიტორები) შეჯიბრებების დროს ასპარეზობენ სხვადასხვა ფერის აბრეშუმის მავაშებით. გაშლილ მდგომარეობაში მავაშის სიგრძე 9 მეტრს აღწევს, სიგანე — 60 სანტიმეტრს, ხოლო წონა — 4-5 კილოგრამს. მას რამდენჯერმე ახვევენ სუმოისტს ტანზე და წელთან მსხვილად უნასკვავენ. მავაშის წინა მხარეს ამაგრებენ ხოლმე საგარის.[1] ეს არის აბრეშუმისგანვე დამზადებული წვრილი, ხისტი სხივები, რომელთა რაოდენობა 13-დან 25-მდეა. სუმოისტი ყოველთვის კენტი რაოდენობის საგარის ატარებს ხოლმე. ისინი აღნიშნავენ (ფარავენ) მავაშის იმ ერთადერთ ნაწილს, სადაც მოწინააღმდეგეს ხელის ჩავლება ეკრძალება. მავაშის ეს ნაწილი სუმოისტის სასქესო ორგანოს ფარავს. ორთაბრძოლის დროს საგარი ხშირად მოსძვრებათ ხოლმე სუმოისტებს. გიოჯი პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში ძირს დავარდნილ საგარის ხელით იღებს და დოჰიოს მიღმა მოისვრის.

სუმოისტები მავაშის ხშირად იყენებენ ტაქტიკური მიზნებისთვის. მას იმგვარად შემოიხვევენ ხოლმე, რომ მოწინააღმდეგის მიმართ უპირატესობა მოიპოვონ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სტილის მიმდევარია რიკიში. მაგალითად, იოცუ-ძუმოს მიმდევრები მავაშის ოდნავ მოშვებულ მდგომარეობაში იკეთებენ, ხოლო ოში-ძუმოს წარმომადგენლები ძალიან მჭიდროდ იხვევენ მას.

  1. "Success for Japan - The Secrets of Sumo". bccjapan.com. British Chamber of Commerce in Japan. Archived from the original on 28 October 2019. Retrieved 28 October 2019.