ლუბა ნაზაძე
ლუბა კონსტანტინეს ასული ნაზაძე (დ. 1915, სოფელი ოთხარა, რუსეთის იმპერია — გ. 15 აპრილი, 1986, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დამსახურებული ეკონომისტი, სკკპ წევრი (1940), საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის ასსრ-ის V-VIII მოწვევეის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებალუბა კონსტანტინეს ასული ნაზაძე დაიბადა 1915 წელს სოფელ ოთხარაში, კოლმეურნის ოჯახში. 1924-1926 წლებში სწავლობდა ოთხარის სასოფლო სკოლაში, ხოლო 1926-1932 წლებში — სოხუმის ქალთა ინტერნატში.
1932 წელს კომკავშირული საგზურით წავიდა ქალაქ მოსკოვში სასწავლებლად, სადაც 1936 წლამდე სწავლობდა სსრ კავშირის სახელმწიფო-საგეგმო კომიტეტის საგეგმო ინსტიტუტის მუშფაკში. 1936 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახალხო-სამეურნეო აღრიცხვის ინსტიტუტში. დაამთავრა რა იგი, 1941-1942 წლებში მუშაობდა ფინანსთა სახალხო კომისარიატის საშტატო განყოფილების უფროსად. ერთი წლის შემდეგ დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის სახახლო კომისრის მოადგილედ, ხოლო 1944 წლიდან სსრ კავშირის დამზადების სამინისტროს რწმუნებულად — პურის ინსპექციის უფროსად აფხაზეთის ასსრ-ში. 1945 წლიდან გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის სტატისტიკური სამმართველოს უფროსად.
1953 წელს ლ. ნაზაძე არჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად, 1957 წელს კი დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1953-1974 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს ფასების განყოფილების უფროსად.
ლ. ნაზაძე არჩეული იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, აფხაზეთის ასსრ-ის V-VIII მოწვევეის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრად. ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო „სსრ კავშირ-კამპუჩიის“ მეგობრობის საზოგადოების გამგეობის წევრი და „სსრ კავშირ-კამპუჩიის“ მეგობრობის საზოგადოების სოხუმის განყოფილების თავმჯდომარე.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებადაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით, ბევრი მედლით, საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოების პრეზიდიუმების საპატიო სიგელებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №75 (12191), 16 აპრილი, 1986