ლომი, კუდიანი და გარდერობი

(გადამისამართდა გვერდიდან ლომი, კუდიანი და კარადა)

ლომი, კუდიანი და გარდერობიფენტეზის ჟანრის საბავშვო რომანი, რომლის ავტორია კლაივ ლუისი. იგი არის ნარნიის ქრონიკების ციკლის ყველაზე ცნობილი წიგნი. მიუხედავად ამისა, ქრონოლოგიური მოვლენებით იგი არის რიგით მეორე ამ წიგნებს შორის, „ჯადოქრის დისწულის“ შემდეგ. რომანი ნათარგმნია 47 ენაზე.

„ლომი, კუდიანი და გარდერობი“
The Lion, the Witch and the Wardrobe

პირველი გამოცემის ყდა
ავტორი კლაივ ლუისი
ილუსტრატორი პოლინ ბეინსი
გარეკანის მხატვარი პოლინ ბეინსი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
სერია ნარნიის ქრონიკები
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი ჯეფრი ბლესი
გამოცემის თარიღი 1950
მედია რბილი და მაგარი ყდები
გვერდი 208 (ახალი გამოცემები, მაგარი ყდები)
oclc 28291231
წინამორბედი ჯადოქრის დისშვილი და
მომდევნო უფლისწული კასპიანი
ISBN ISBN 0-06-023481-4

ლუისმა წიგნი მიუძღვნა თავის ნათლულ ლუსი ბარფილდს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ხდება 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. პევენსის ოჯახის შვილები, პიტერი, სიუზენი, ედმუნდი და ლუსი ლონდონიდან სტუმრად პროფესორ დიგორი კირკთან მიემგზავრებიან - ამავე დროს, ქალაქის ევაკუაციის გამო.

პროფესორთან სტუმრობისას ბავშვები იკვლევენ მათთვის უცნობ სახლს. ლუსი პოულობს ტანსაცმლის კარადას, რომელიც აღმოჩნდება ნარნიად წოდებული ქვეყნის პორტალი. ლუსი გაიცნობს ფავნს სახელად ტუმნუსი, რომელიც უამბობს ტირანი, თეთრი კუდიანის შესახებ. მისი თქმით, მას ევალება, აცნობოს კუდიანს ნებისმიერი უცხო სტუმრის შესახებ, მაგრამ ლუსი მასზე იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ივიწყებს თავის მოვალეობას. ლუსი ბრუნდება შინ და უამბობს სხვა ბავშვებს თავისი აღმოჩენის შესახებ, მაგრამ ისინი არ უჯერებენ. ედმუნდი ამასობაში თავად შედის ნარნიაში და შეხვდება თეთრ კუდიანს, რომლის შესახებ ჯერ არაფერი იცის. კუდიანი მას უმასპინძლდება ტკბილეულობით და შესთავაზებს, თავად მოიყვანოს მასთან თავისი დები და ძმა. ედმუნდი ბრუნდება შინ, მაგრამ უარყოფს, რომ კარადის მიღმა რამე არსებობს.

მას შემდეგ, რაც ოთხივე ბავშვი აღმოჩნდება ნარნიაში, ისინი გაიცნობენ მისტერ და მისის თახვებს. მათგან ბავშვები შეიტყობენ, რომ არსებობს წინასწარმეტყველება, ადამის ვაჟების და ევას ასულების გამოჩენაზე, რითაც დასრულდება კუდიანის მმართველობა. ისინი ამბობენ, რომ ნარნიის ნამდვილი მეფე - დიდებული ლომი სახელად ასლანი - მრავალი წლის მანძილზე დაკარგული იყო, მაგრამ ბრუნდება, რათა სამართალმა იზეიმოს.

ედმუნდი იპარება თეთრ კუდიანთან. თახვები აღმოაჩენენ ამას და ბავშვებს ასლანთან მიაპარებენ. მოგზაურობისას ისინი ხედავენ, რომ ნარნიის მოყინული გარემო დნება, რაც თეთრი კუდიანის ბატონობის ხანის დასასრულის ნიშანია. ბავშვებს ასევე ამხნევებს შობის ბაბუა, რომელიც მათ საჩუქრებსაც ურიგებს.

ბავშვები და თახვები ხვდებიან ასლანსა და მის ჯარს. პიტერი პირველად იბრძვის, კლავს რა მგელს, რომელიც სიუზენისათვის საშიშროებას წარმოადგენს.

ჩნდება კუდიანი, რომელიც აცნობებს ყველას ედმუნდის ღალატის შესახებ. ასლანი პირადად ესაუბრება მას და ბრუნდება თავის ბანაკში. ასევე ბრუნდება ედმუნდიც (რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ასლანმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გაათავისუფლა).

იმავე ღამით კუდიანი დიდი ქვის მაგიდაზე ასლანს კლავს. მაგრამ დილით ასლანი ცოცხლდება, ვინაიდან „თავად კუდიანმაც არ იცის იმ მაგიის შესახებ, რომელიც ოდითგანვე არსებობდა“.

ასლანი და ბავშვები მიემართებიან კუდიანის სასახლეში. ლომის სუნთქვით ცოცხლდებიან კუდიანის მიერ გაქვავებული არსებები (მათ შორის, მისტერ ტუმნუსიც). პიტერისა და ედმუნდის მეთაურობით, ნარნიელთა არმია თეთრი კუდიანის წინააღმდეგ გამოდის. ომის დროს ასლანი კლავს კუდიანს.

ბავშვები ხდებიან ნარნიის მეფეები და დედოფლები. ისინი ქვეყანას რამდენიმე წლის მანძილზე მართავენ, მაგრამ წლების შემდეგ კვლავ აღმოჩნდებიან კარადის მიღმა, პროფესორ კირკთან, იმავე დროს, როდესაც დატოვეს რეალური სამყარო.

ლუისი საუბრობდა რომანის შექმნის შესახებ ესეში ყველაფერი დაიწყო სურათით[1]:

ლომი დაიბადა თოვლში მოსიარულე ქოლგიანი ფავნის სურათიდან, რომელიც გონებაში მიტრიალებდა, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც 16 წლის ვიყავი. ერთხელ კი, 40 წლის ასაკში, ჩემს თავს ვუთხარი, „მოდი, ვცდი ამის შესახებ ამბის დაწერას“.“

სანამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, ლონდონიდან უამრავი ოჯახის ბავშვი ევაკუირებული იქნა გარეუბნებში, იმ შემთხვევისათვის, თუკი ნაცისტები გადაწყვიტავდნენ ლონდონზე საჰაერო იერიღის მიტანას. 1939 წლის 2 სექტემბერს რაიზინგჰერსტში, ოქსფორდიდან სამი მილით დაცილებულ ლუისის სახლში დასახლდა სამი გოგონა, მარგარეტი, მერი და კეტრინი.[2] ლუისის თქმით, მოგვიანებით სწორედ ამ მოვლენებმა იქონია გავლენა მისი მხრიდან ბავშვებისადმი უფრო მეტი სითბოს გამოჩენაზე და მოგვიანებით, სექტემბერში[3] მან ძველ ფურცელზე დაწერა ზღაპრის პირველი სრიქონები.

„წიგნი მოგვითხრობს ოთხ ბავშვზე - ენზე, მარტინზე, როუზსა და პიტერზე. მაგრამ ძირითადად იგი პიტერზეა, რომელიც ყველა უმცროსია. მათ დატოვეს ლონდონი საჰაერო დარტყმების გამო, აგრეთვე იმ მიზეზით, რომ მათი მამა, რომელიც სამხედრო იყო, ომში წავიდა და დედაც ასევე მონაწილეობდა საომარი მოქმედებების მხარდაჭერაში. ისინი დასახლდნენ დედის ნათესავ, მოხუც პროფესორთან, რომელიც ქალაქგარეთ, მარტოსულად ცხოვრობდა.“[4]

უცნობია, თუ რამდენი დაამატა ლუისმა ისტორიის ასეთ განვითარებას. როჯერ ლენსლინ გრინის თქმით, შესაძლოა, იგი დაესრულებინა კიდეც. 1947 წლის სექტემბერში კლაივი წერდა: „ერთი ვცადე, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა ღიად თქვეს, რომ იმდენად ცუდია, ასე რომ ავდექი და გავანადგურე.“[5]

1948 წლის აგვისტოში, როდესაც ლუისთან სტუმრად იყო ამერიკელი ჩედ უოლში (ასევე მწერალი), კლაივმა ახსენა, რომ ასრულებდა მუშაობას წიგნზე „ე. ნესბიტის ტრადიციებში“.[6] ამ საუბრის შემდეგ ბევრი არაფერი მომხდარა - შემდეგი წლის დასაწყისამდე. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.

ესეში ყველაფერი დაიწყო სურათით ლუისი ასევე წერს: „თავდაპირველად თითქმის არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა ამბავი. მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ასლანი. ვფიქრობ, იმ პერიოდში ლომებთან დაკავშირებულ ბევრ კარგ სიზმარს ვხედავდი. სხვა მხრივ, არ ვიცი, საიდან ან რატომ გამოჩნდა ლომი. მაგრამ როგორც კი გამოჩნდა, მთელი ეს ამბავი აეწყო, მის ირგვლივ კი - დანარჩენი ექვსიც ამბავი ნარნიის შესახებ“.[7]

1949 წლის 10 მარტს როჯერ ლენსლინ გრინი, ლუისთან სადილის შემდეგ, გაეცნო ორ თავს წიგნიდან. ლუისს აინტერესებდა გრინის აზრი მის შესახებ. გრინმა განუცხადა, რომ წიგნი კარგია. პირველი ხელნაწერი ვერსია დასრულებული იქნა 1949 წლის მარტისათვის. ოუენ ბარფილდის შვილმა, ლუსი ბარფილდმა იგი გასაცნობად მიიღო მაისის ბოლოს.[8] იმ დროისათვის, როდესაც 1950 წლის 16 ოქტომბერს ლონდონში, ჯეფრი ბლესის მიერ გამოცემული იქნა წიგნის პირველი ტირაჟი, ასევე დასრულებული იყო კიდევ სამი რომანი ნარნიის ქრონიკებიდან - უფლისწული კასპიანი, განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა და ცხენი და მისი ბიჭუნა.

  1. ლუსი იხედება გარდერობში
  2. რა აღმოაჩინა ლუსიმ იქ
  3. ედმუნდი და გარდერობი
  4. რაჰათლუკუმი
  5. კვლავ კარის მეორე მხარეს
  6. ტყეში
  7. თახვებთან გატარებული დღე
  8. რა მოხდა ნასამხრევს
  9. კუდიანის სასახლეში
  10. ჯადო ნელ-ნელა იხსნება
  11. ასლანი უფრო ახლოსაა
  12. პიტერის პირველი ორთაბრძოლა
  13. საიდუმლო ჯადოქრობა უხსოვარი დროიდან
  14. კუდიანის ტრიუმფი
  15. საიდუმლო ჯადოქრობა უხსოვარ დრომდე
  16. რა ბედი ეწიათ ქვის ქანდაკებებს
  17. ნადირობა თეთრ ხარირემზე

ილუსტრაციები

რედაქტირება

ლუისის გამომცემელმა, ჯეფრი ბლესმა, მწერალს უფლება მისცა, თავად აერჩია წიგნის ილუსტრატორი. ლუისმა მეგობარ ჯ. რ. რ. ტოლკინის რეკომენდაციით პოლინ ბეინსი შეარჩია (რომელიც სხვადასხვა წლებში ტოლკინის ნაწარმოებებს აილუსტრირებდა). თუმცა, მეორე ვერსიით, ლუისმა ბეინსის შესახებ შეიტყო წიგნის მაღაზიიდან, სადაც ახსენა, რომ ესაჭიროებოდა ილუსტრატორი, რომელსაც შეეძლო ადამიანებისა და ცხოველების ხატვა. 1949 წლის დეკემბერში ბლესმა ლუისს წარუდგინა პირველი ილუსტრაციები და ლუისმა ბეინსს წერილი მისწერა, სადაც განსაკუთრებით მაღალი შეფასება მისცა ნახატების დეტალიზაციას. კლაივმა კიდევ უფრო დააფასა მხატვრის შესაძლებლობები რომანის უკანასკნელი ბრძოლა ილუსტრირების შემდეგ, რომელმაც 1956 წელს საუკეთესო საბავშვო წიგნისათვის კარნეგის მედალი მიიღო: „ეს ხომ უფრო „ჩვენი მედალია“? მე დარწმუნებული ვარ, რომ გათვალისწინებული იქნა როგორც ტექსტი, ასევე ილუსტრაციები“.[9]

წიგნის ბრიტანულ გამოცემას 43 ილუსტრაცია ახლდა, ხოლო ამერიკულ გამოცემებში მათი რაოდენობა შემცირებული იყო. ცნობილი ამერიკული რბილყდიანი გამოცემა (1970-1994 წლები), რომელიც მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, მხოლოდ 17 ილუსტრაციას შეიცავდა. მათი უმეტესობა წარმოადგენდა ორიგინალური ილუსტრაციების ნაწილობრივ გადმოტანილ ვარიანტებს. 1994 წელს გამომცემლობამ HarperCollins გამოუშვა ახალი ვერსია, სადაც გათვალისწინებული იქნა ყველა ილუსტრაცია.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. C.S. Lewis. On Stories: And Other Essays on Literature. 1982, p. 53. ISBN 0-15-668788-7
  2. Paul F. Ford. Companion to Narnia. Revised Edition. 2005, p. 106. ISBN 978-0-06-079127-8
  3. Owen Dudley Edwards. British Children's Fiction in the Second World War. 2007, p. 129. ISBN 978-0-7486-1650-3
  4. Roger Lancelyn Green and Walter Hooper. C.S. Lewis: A Biography. Fully Revised and Expanded Edition. 2002, p. 303. ISBN 0-00-715714-2
  5. C.S. Lewis. Collected Letters: Volume 2 (1931-1949). 2004, p. 802. ISBN 0-06-072764-0. Letter to E.L. Baxter of 10 September 1947
  6. Chad Walsh. C.S. Lewis: Apostle to the Skeptics. Norwood Editions. 1974, p. 10. ISBN 0-88305-779-4
  7. C.S. Lewis. On Stories: And Other Essays on Literature. 1982, p. xix & 53. ISBN 0-15-668788-7. It all Began with a Picture is reprinted there from the Radio Times, 15 July 1960.
  8. Walter Hooper. Lucy Barfield (1935-2003). In SEVEN; An Anglo-American Literary Review. Volume 20, 2003, p. 5. ISSN 0271-3012 "The dedication... was probably taken from Lewis's letter to Lucy of May 1949".
  9. Schakel, Peter J. (2002). Imagination and the arts in C.S. Lewis: journeying to Narnia and other worlds. University of Missouri Press, გვ. 30–1. 
  10. Schakel, Peter J. (2002). Imagination and the arts in C.S. Lewis: journeying to Narnia and other worlds. University of Missouri Press, გვ. 32.