ლიტურგიკული დრამა
ლიტურგიკული დრამა — შუა საუკუნეების რელიგიურ-მისტიკურ წარმოდგენათა სახეობა, სასულიერო დრამა. წარმოიშვა IX საუკუნეში. დაკავშირებული იყო საშობაო და სააღდგომო კათოლიკურ ღვთისმსახურებასთან. იწერებოდა ლათინურ ენაზე. იყო ხალხურ სანახაობით ფორმათა ერთგვარი ანტითეზა (სახარების ეპიზოდთა, წმინდანთა და მოციქულთა შესახებ თქმულებების ინსცენირება).
ქრისტიანული ეკლესია საეკლესიო მსახურებაში ფართოდ იყენებდა თეატრალიზაციის ხერხს, რაც განაპირობებდა ეკლესიის საიდუმლოებასთან მიახლოებას და ღვთის მსახურების დროს ექსტაზის განცდას. ფაქტობრივად ლიტურგიკული დრამის მიზანი იყო კათარზისის, განწმენდის მიღწევა. საშემსრულებლო თვალსაზრისით, ლიტურგიკული დრამას ახასიათებდა მკაცრი ფორმალიზმი, რიტუალურ-სიმბოლისტური სტილი. XIII საუკუნიდან ლიტურგიკული დრამაში შეიჭრა საერო მოტივები, ხალხური ინტონაციები; მეტი ადგილი დაიჭირა კომედიურმა ელემენტებმა, გაძლიერდა სანახაობითი მხარე, სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდნენ საერო პირებიც; წარმოდგენამ ტაძრიდან მოედნებზე გადაინაცვლა და რელიგიურ დღესასწაულთა ნაცვლად იმართებოდა ბაზრობის დღეებში; ლათინური ენა შეცვალა ადგილობრივმა ევროპულმა ენებმა. ამის შემდეგ მას ნახევრად ლიტურგიკული დრამა ეწოდება, ხოლო მოგვიანებით მისტერიის სახე მიიღო.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში X საუკუნიდან დღემდე სრულდება ლიტურგიკული დრამა – „განგება ფერხთა ბანისა“ (სახარების ერთ-ერთი ეპიზოდის ინსცენირება).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლიტურგიკული დრამა დაარქივებული 2023-10-05 საიტზე Wayback Machine.