ლინგვისტური კოდების მონაცვლეობა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლინგვისტური კოდების მონაცვლეობა (ინგლ. code-switching) მიუთითებს მეტყველების ორი ან მეტი ტიპის ან ვარიანტის მონაცვლეობაზე (ენები, დიალექტები ან ენობრივი რეგისტრები). მრავალენოვანი მოსაუბრეები, რომლებსაც შეუძლიათ ორ ან რამდენიმე ენაზე ლპარაკი, მეორე მრავალენოვან ადამიანთან საუბრისას ხშირად ხმარობენ ორივე ენის ელემენტებს. კოდების მონაცვლეობა არის მრავალი ნაირსახეობის სინტაქსურად და ფონოლოგიურად გამართული ხმარება.

მონაცვლეობას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისკურსის სხვადასხვა ადგილზე. იგი შეიძლება მოხდეს წინადადებებს შორის (ინტერსენტენციური) ან ერთი წინადადების შიგნით (ინტრასენტენციური).

ამგვარი მონაცვლეობის მიზეზი შესაძლოა მრავალი იყოს: დისკურსის სუბიექტი, მოლაპარაკე სუბიექტის ხასიათი, მოსაურეთა შორის საუბრის მიმართების შეცვლა (მაგ. თანამონაწილეობის დამყარება), საერთო ღირებულებებზე რეფერენცია.

კოდთა მონაცვლეობა განსხვავდება სიტყვასიტყვითი თარგმანისგან (კალკა), პიჯინის, კრეოლური ენების, ინტერფერენციისა და ნასესხები სიტყვებისგან. ეს უკანასკნელი გამოხატავს არა ცვლილების სურვილს, არამედ უფრო ენობრივი კომპეტენციის ნაკლებობას და მას მიაკუთვნებენ "მსესხებელ" ენას.

კოდთა მონაცვლეობის შესწავლის რამდენიმე მიდგომა არსებობს. სოციოლინგვისტიკაში მთავარი მიდგომა ითვალისწინებს მონაცვლეობის მიმართ სოციალურ მოტივაციას. კოდთა მონაცვლეობა შესაძლოა ასევე ასახავდეს იმას, თუ რა სიხშირით იყენებს ინდივიდი ამა თუ იმ ენიდან კონკრეტულ გამონათქვამს ყოველდღიურ კომუნიკაციაში. აქედან გამომდინარე მეორე ენის მზა გამონათქვამი შესაძლოა უფრო სწრაფად მოუვიდეს ადამიანს თავში ვიდრე იმ ენისა, რომელზეც საუბრობს.

მეორე მიდგომა უპირველეს ყოვლისა ეხება მონაცვლეობის სინტაქსურ შეზღუდვებს. იგი ეხება იმ გრამატიკულ წესებსა და სპეციფიურ სინტაქსურ საზღვრებს, რომელთა შიგნითაც მონაცვლეობას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი.

მოტივაცია

რედაქტირება

ადამიანები კოდთა მონაცველობას რამდენიმე მიზეზის გამო ახდენენ:

  • ერთი ენიდან მერე ენაში ფრაზისა თუ სიტყვის დონეზე კოდთა მონაცვლეობა შესაძლოა უფრო ადვილი და მოსახერხებელი იყოს ვიდრე ლოდინი, სანამ მოცემულ ფრაზასა თუ სიტყვას იმავე ენაზე გაიხსენებ.
  • კოდთა მონაცვლეობა ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს შეინარჩუნონ გარკვეული კულტურული იდენტობა, ისევე, როგორც სლენგი გამოიყენება ადამიანთა ჯგუფისათვის იდენტობისა და ჯგუფის წევრობის შეგრძნების გასაძლიერებლად, ფართო საზოგადოებისაგან განმასხვავებლად.
  • კოდთა მონაცვლეობა არის კონტექსტუალიზაციის საშუალება.[1]

კოდთა მონაცვლეობის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი თეორია სოციოლინგვისტიკას განეკუთვნება და ცნობილია მარკირებულობის მოდელის სახელწოდებით. იგი 1993 წელს განავითარა ამერიკელმა კეროლ მეიერს-სკოტონმა .[2]. მარკირებულობის მოდელის მიხედვით მეტყველების მომხმარებლები რაციონლურად მოქმედებენ და არჩევენ მეტყველების იმ ვარიანტს, რომელიც აღნიშნავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს საუბრის სხვა მონაწილეების მიმართ. ბევრი სოციოლინგვისტი ეწინააღმდეგება მარკირებულობის მოდელს და მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მეტყველების არჩევანი მთლიანად რაციონალურია .[3].

სხვა სოციოლინგვისტური თეორიები განიხილავენ კოდთა მონაცვლეობას, როგორც სამეტყველო ქცევას, ხშირად იყენებენ დისკურსის ანალიზს, ეთნოგრაფიასა თუ ორივეს ერთდროულად. ისეთი მეცნიერები, როგორებიცაა მონიკა ჰელერი, ბენ რამპტონი და ჯოან პუჟოლარი აღწერენ იმ ეფექტებს, რასაც მეტყველების მრავალი ნაირსახეობის გამოყენება ახდენს პიროვნების პოზიციებზე კლასის, გენდერის, ეთნიკურობის და ა.შ. მხრივ.

ინტერაქციონალურ ლინგვისტიკასა და საუბრის ანალიზში მოღვაწე მეცნიერები კოდთა მონაცვლეობას განიხილავენ, როგორც ინტერაქციის დროს საუბრის სტრუქტურის საშუალებას. პეტერ აუერის აზრით [4] კოდთა მონაცვლეობა არა მხოლოდ აირეკლავს სოციალურ სიტუაციებს, არამედ მათი შექმნის საშუალებაცაა.

  1. Gumperz, John J. (1982). Discourse strategies. Cambridge: Cambridge University Press.
  2. Myers-Scotton, Carol. (1993). Social Motivations for Codeswitching: Evidence from Africa. Oxford: Clarendon.
  3. Woolard, Kathryn. (2004). Codeswitching. In A Companion to Linguistic Anthropology. A. Duranti, ed. Pp. 73-94. Malden, MA: Blackwell. Retrieved from "http://en.wikipedia.org/wiki/Code-switching".
  4. Auer, Peter. (1984). Bilingual Conversation. Amsterdam: John Benjamins.