ლიკანის სასახლე
ლიკანის სასახლე — რომანოვების სასახლე, დიდი მთავრის, ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილ სოფელ ლიკანში (შეუერთდა ბორჯომს). აშენდა 1892-1895 წლებში არქიტექტორ ლ. ბენუას პროექტით (მშენებელი – თბილისელი არქიტექტორი ლ. ბილფელდი). ასიმეტრიული გეგმით აგებული სასახლე საგანგებოდ მოწყობილ ტერასაზეა განთავსებული. ერთმანეთისაგან განსხვავებული ფასადების მორთულობა იმდროინდელი არქიტექტურის ტენდენციებს ასახავს. სასახლის ირგვლივ მოეწყო ვრცელი პარკი ორანჟერეით. 1898 წელს სასახლის გასანათებლად აშენდა ჰიდროელექტროსადგური, რომელიც პირველი იყო რუსეთის იმპერიაში.
ლიკანის სასახლეში დაცულია უნიკალური ისტორიული ექსპონატები, მ. შ. ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის ნაჩუქარი სავარძელი, რუსეთის იმპერატორის პეტრე I-ის ხელით კაკლის ხისაგან დამზადებული მაგიდა; ასევე რომანოვების დროინდელი ბილიარდის მაგიდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლიკანის სასახლე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. წლების განმავლობაში მან შეიცვალა ფუნქცია. სასახლეში, რომელიც წარმოადგენს ლიკანის ძირითად ღირსშესანიშნაობას, ბოლო ხანს მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.