ლეო ხაბურზანია
ლეო იასონის ძე ხაბურზანია (დ. 1930, გალი, გალის რაიონი, აფხაზეთის სსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. სკკპ წევრი (1958). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებალეო იასონის ძე ხაბურზანია დაიბადა 1930 წელს ქალაქ გალში. 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის საფინანსო ინსტიტუტი. 1956-1961 წლებში მუშაობდა სახალინის ოლქის ჩრდილო-კურილიის რაიონის სახდაზღვევის უფროს ინსპექტორად. 1961-1963 წლებში სწავლობდა მოსკოვის საფინანსო ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1963-1968 წლებში იყო სსრ კავშირის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკისა და სახალხო მეურნეობის დაგეგმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, განყოფილების გამგე. 1968-1976 წლებში მუშაობდა ჯერ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტად, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის დოცენტად.
1976 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა, სხვადასხვა დროს ეკავა საართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ვაჭრობის, საგეგმო და საფინანსო ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორის, შემდეგ ამავე განყოფილების გამგის მოადგილის, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მსუბუქი და კვების მრეწველობის განყოფილების გამგის მოადგილის თანამდებობები. 1980 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის გალის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად. 1981-1983 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საგეგმო-საფინანსო ორგანოების განყოფილების გამგე, ხოლო 1983-1988 წლებში — საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ეკონომიკური განყოფილების გამგე. 1988 წლიდან ეკავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორის თანამდებობა.
იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებადაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №137 (13003), 25 ივლისი, 1989