ლეგო, რომლის ოფიციალური სახელი იწერება LEGO — კომპანია, რომელიც მდებარეობს ქ. ბილუნდში (დანია). მთავარი პროდუქცია არის ლეგო ჯგუფის მიერ წარმოებული სათამაშო კონსტრუქტორების სერია. ეს არის სპეციფიკური გეომეტრიული და არაგეომეტრიული ფიგურებისგან შესადგენი კონსტრუქტორები, რაშიც შედის როგორც კაცუნები, ასევე სხვადასხვა ნივთი, შენობა, გადაადგილების საშუალება თუ სხვა რამ. აწყობილი ფიგურის დაშლა ადვილია. ამასთან, თავისუფლად არის შესაძლებელი ამა თუ იმ ფიგურის მიღება, ერთი და იგივე დეტალების გამოყენებით. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლეგოს გიგანტური პარკი, რომელშიც მთელი ქალაქების მინიატურული ვერსიებია წარმოდგენილი.

ლეგო
ტიპი სათამაშო კონსტრუქტორი
დარგი სათამაშოები
სათავო ოფისი ბილუნდი, დანია
მმართველი
ოლე კირკ კრისტიანსენი

შექმნის ისტორია

რედაქტირება
 
ლეგოს კუბიკები

ლეგოს ჯგუფს საფუძველი ჩაეყარა ოლე კირკ კრისტიანსენის სახელოსნოში ბილუნდში (დანია), რომელმაც 1932 წელს დაიწყო ხის სათამაშოების წარმოება. 1934 წელს კომპანიას ეწოდა LEGO რომელიც წარმოიქმნა დანიური ფრაზიდან "leg godt" რომელიც ქართულად ასე ითარგმნება: ითამაშე კარგად. 1936 წლისთვის კომპანიას ჰქონდა უკვე სათამაშოების 42 განსხვავებული ნაკრები, თუმცა ჯერ კიდევ 1940 წლის ხანძრამდე, რომლის დროსაც ერთადერთი ქარხანა და საწყობი დაიწვა, ლეგო ხის სათამაშოების გარდა სხვა პროდუქციასაც უშვებდა. ხანძრის შემდგომ კომპანიამ მხოლოდ სათამაშოების წარმოება განაახლა[1]. 1947 წლიდან ლეგოს კომპანიამ დაიწყო პლასტმასის სათამაშოების წარმოებაც.

1949 წლიდან ლეგო აწარმოებს ახალ პლასტმასის კუბიკებს, რომლებიც 1947 წელს ბრიტანეთში გამოშვებულ კუბიკებზე დიდია. 1950-იან წლებში დანიური გაზეთი Legetøjs-Tidende (სათამაშოების-დროება) იუწყებოდა: პლასტმასის სათამაშოები ვერასოდეს ჩაანაცვლებს ტრადიციულ ხის სათამაშოებს. ამ დროისთვის ანუ 1951 წელს ლეგოს პროდუქციის ნახევარი უკვე პლასტმასისგან იყო წარმოებული. ამ განცხადებამ საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

1954 წლისთვის კრისტიანსენის ვაჟი გოდტფრედ კირკ კრისტიანსენი გახდა ლეგოს ჯგუფის მენეჯერი. გოდტფრედმა პლასტმასის კუბიკებში დიდი პოტენციალი დაინახა სისტემის შესაქმნელად. 1958 წლის 28 იანვარს, საღამოს 1:58 საათზე თანამედროვე ლეგოს კუბიკის დიზაინი დაპატენტდა, მაგრამ სასურველი მასალის ძებნას კიდევ 5 წელი დასჭირდა.

1960 წლის 4 თებერვალს LEGO ხის სათამშოების წარმოების განყოფილებას დაეცა მეხი და დაიწვა. ამ ფაქტის შემდგომ გადაწყდა, რომ აღარ აღადგიათ ხის სათამაშოების წარმოება და კონცენტრაცია მოეხდინათ მხოლოდ პლასტმასის სათამაშოებზე.

1968 წლის 17 ივნისს გაიხსნა პირველი ლეგოლენდის პარკი დანიაში, 59 ჰექტარ ფართობზე. გახსნიდან პირველივე წელს პარკს ეწვია 625 000 ადამიანი.

LEGO-ს ცნობილი ლოგო, რომელიც დღეისათვის ცნობილია უმეტესობა ადამიანისთვის მსოფლიოში, შეიქმნა 1973 წელს.

დიზაინი და წარმოება

რედაქტირება
 
ლეგოს კუბიკის და ფირფიტის სტანდარტული ზომები

1963 წლიდან ლეგოს ნაწილები მზადდება მკვრივი პლასტმასის სახეობისაგან ABS. ABS პლასტმასი 232 °C დნება და ცომის მსგავს მასად გარდაიქმნება. შემდეგ მას სასურველ ფორმას აძლევენ. მას გასაცივებლად 15 წამი სჭირდება. ყველა ლეგოს კუბიკი დადგენილი სიზუსტით მზადდება. სტატისტიკის მიხედვით 1 მილიონი ნაწილიდან მხოლოდ 18 არ შეესაბამება სტანდარტებს. ლეგოს ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში წარმოებული პლასტმასიდან 1% ნარჩენებს ამუშავებენ და ისევ ნაწილებს ამზადებენ. თუ არ გამოდგა სხვა ინდუსტრიულ კომპანიებზე ყიდიან.

დიზაინერები მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ყველაზე ბევრი დიზაინერისაგან შემდაგი ჯგუფი მდებარეობს ბილუნდში, დანიაში. შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფები არიან ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და იაპონიაში. ახალი სათამაშოს შექმნისას ზოგჯერ ახალი ნაწილი იქმნება.

დიზაინერები 2008 წლიდან კომპიუტერულ პროგრამას იყენებენ სათამაშოების დიზაინის შესაქმნელად.

დანიაში, უნგრეთსა და მექსიკაში ნაწილები მზადდება. ნაწილების დეკორირება, შეფუთვა და გასაყიდად გამზადება ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, უნგრეთსა და მექსიკაში ხდება.

კომპანია ყოველწლიურად 36 მილიარდ ნაწილს ამზადებს (წამში 1140 ნაწილი). 2006 წელს ჟურნალ BusinessWeek-ში ეწერა, რომ ლეგოს ჯგუფი შეიძლება მსოფლიოს პირველი საბურავების მწარმოებელი გახდეს რადგან ის ყოველწლიურად ამ დროისთვის 306 მილიონ პატარა სათამაშო რეზინის საბურავს ამზადებდა. დღეისათვის ამ რიცხვმა მიაღწია 381 მილიონს. 2012 წლის 20 ივნისს ლეგო ოფიციალურად გახდა მსოფლიოს საბურავების მწარმოებელი ლიდერი.[2]

პლასტმასის კუბიკების შექმნის შემდეგ ლეგოს კომპანიამ დაიწყო მრავალი თემის სათამაშოების შექმნა როგორებიცაა ქალაქი, კოსმოსი, დინოზავრები, ვიკინგები, ციხესიმაგრეები, წყალქვეშეთის კვლევები, მონსტრები და სხვა.

ახალ სათამაშოსთან ერთად ახალი ნაწილის შექმნა დღეისათვის უფრო გახშირებულია და შესამჩნევია. ლეგო სათამაშოებს გოგონებისთვისაც აწარმოებს, რომლებიც განსხვავდება სტანდარტულისაგან, მაგრამ ეს ნაწილენი სტანდარტულს უთავსდება. ლეგო ასევე აწარმოებს ლეგო დუპლოს, რომელიც გათვლილია 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. დუპლოს ნაწილები და კაცუნები სტანდარტზე დიდი ზომისაა. მათი გამოყენება სტანდარტთან შეუძლებელია (გამონაკლისების გარდა).

ლეგო არ აწარმოებს კონკრეტულ საომარ თემებს. ომის აღჭურვილობის სათამაშოების თემებია ლეგოს ვარსკვლავური ომები, ლეგო ინდიანა ჯონსი, ლეგოს სათამაშოების ისტორია, სადაც მწვანე ჯარისკაცებია და ლეგო ციხესიმაგრეები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-03-02.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-12. ციტირების თარიღი: 2012-07-15.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეგო&oldid=4116274“-დან