ლარგვისის ეკლესიის ნანგრევი

ლარგვისის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ლარგვისის მიდამოებში. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ საქორეთის დასავლეთით 2 კმ-ში, მთის სერზე, ძველი სამარხილე გზის მახლობლად, არის ეკლესიის ნანგრევი. ირგვლივ წიფლისა და რცხილის ტყეა, ურევია მუხაც. საყდრის კედლები შემორჩენილია დაახლოებით 1,5 მეტრამდე, წყობაში ერთმანეთს ენაცვლება დიდი და მცირე ზომის დახავსებული, უხეშად თლილი, ზოგჯერ უფორმო კლდოვანი ქვები. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხევლის სატრაპეზო ქვა კედლის წყობაშია ჩაშენებული. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაპირში მცირე ზომის, გეგმაში სწორკუთხა, ნიშაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 114