კუცხოვეთის წმინდა გიორგის ეკლესია

კუცხოვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

მდინარე ჭურთულას ხეობის მაღალი ქედის სერზე, ნასოფლარ კუცხოვეთიდან ჩრდილოეთით, 1,5-2 კმ. ალპურ ზონაში მდებარეობს კუცხოვეთის წმინდა გიორგის ეკლესია. კუცხოეთის მიდამოებთან დაკავშირებულია ლეგენდა დევის შესახებ. არის სხვა ლეგენდაც: აშენებისას ამ ეკლესიას ორი ხეობა იჩემებდა - დორეთკარისა და ქარჩოხისა; პაექრობაში პირველს გაუმარჯვია და კარიც ამ ხეობის მხარეს გაუჭრიათ. კომპლექსის ნაგებობათა მშენებლობისთვის გამოყენებულია ადგილობრივი ფლეთილი ქვა. აღსანიშნავია შირიმის კარგად გათლილი ქვები, რომლებიც გამოყენებულია ეკლესიის სარკმლის საპირეებად და სატრიუმფო თაღში. ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. იგი მთლიანი კომპლექსის ცენტრია; მის გარშემო განლაგებული იყო სხვადასხვა ნაგებობა, რომელთა თავდაპირველი სახე სერიოზული დაზიანების გამო დღეს ძნელი წარმოსადგენია.

დარბაზულ ეკლესიას გვიანდელი მინაშენები აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესიის კამარა, რადიალურად ჩალაგებული ქვებისგან იყო აწყობილი, რომელშიც გარეული იყო მსხვილი ფრაქციის შემავსებელი. კონქი საკმაოდ ტლანქადაა შესრულებული წვრილი ქვით; ეკლესია შელესილი ყოფილა. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. სხვა ნაგებობათა შესახებ გეგმის გამოხაზვის გარდა ვერაფერს აღვნიშნავთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 56-57