ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კრიწები — აზერბაიჯანის შაჰდაღის მთებში მცხოვრები ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხია. ადრე მათ ჯეკებსაც უწოდებდნენ. კრიწების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურა ფაქტობრივად არ არსებობს.მათ ნაწილს საერთო ეთნიკური თვითშეგნება არც აქვთ. ამიტომ ხშირად უცხო პირებს თავიანთი სოფლების სახელწოდების მიხედვით წარმოუდგებიან ხოლმე. კრიწებით დასახლებული სოფლებია: კრიწი, ჯეკი, ხაფთული, ერგიუჯი და ალიკი. კრიწთა ეს სოფლები ადმინისტრაციულად აზერბაიჯანის ყუბის რაიონში შედის. კრიწულ ენაზე ლაპარაკობენ აგრეთვე ხაჩმაზის რაიონში, სადაც კრიწები შაჰ-დაღის მთებიდან არიან გადმოსახლებული.

კრიწული ენა კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნის ჯგუფის ერთ-ერთი უმწერლობო ენაა. შედის ლეზგიურ ენათა ე. წ. შაჰ-დაღის ქვეჯგუფში. დღევანდელი მონაცემებით, კრიწულ ენაზე დაახლ. 9000 კაცზე მეტი ლაპარაკობს. სოფელ კრიწში 1800 კაცი ცხოვრობს, ხაფთულში 1500, ჯეკში 1300, ალიკში 1500. XIX საუკუნეში კრიწებისაგან ჯეკებს ცალკე ეთნოსად გამოყოფდნენ. 1886 წელს ჯეკების 1041 კომლი და 8 103 სული იყო აღრიცხული, კრიწების 307 კომლი და 2027 სული. ასე რომ, კრიწების საერთო რაოდენობა სინამდვილეში 1886 წლის საოჯახო სიებით 10 130 კაცი იყო. სხვათა შორის, სოფელ ერგიუჩში მცხოვრები კრიწებიც ჯეკებისადმი იყვნენ მიკუთვნებულნი. აღნიშნულ დროს ერგიუჯში 94 ოჯახი (946 სული) კრიწი მკვიდრობდა. იგივე შეიძლება ითქვას ზემო ალიკში მცხოვრებ 304 კაცზე (49 კომლი). 1910 წლის „კავკაზსკი“ კალენდრის მიხედვით, სოფელ ჯეკსა, ალიკში და ერგიუჯში მცხოვრები კრიწები ლეზგიებზე იყვნენ მითვლილი. კრიწული ენა დიალექტურად სუსტადაა დიფერენცირებული. გამოიყოფა კრიწის, ჯეკის, ხაფთულის და ალიკის მეტყველება (თქმები). ყუბის რაიონის სოფელ ერგიუჯში დღეისათვის ფაქტობრივად აღარავინ არ ცხოვრობს მისი უკანასკნელი მცხოვრები აქედან XX საუკუნის 90-იან წლებში აიყარა. ამიტომ ერგიუჯული თქმა დღეს უკვე აღარ არსებობს. სხვადასხვა სოფლებში განსახლებულ ერგიუჯელებს თუმცა კი ახსოვთ თავიანთი ენა, მაგრამ მას აღარ იყენებენ, რადგან აზერბაიჯანულ ენას ანიჭებენ უპირატესობას. როგორც ლინგვისტურ სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, კრიწული ენის ხმოვანთა სისტემა რთულია, დასტურდება ცხრა ხმოვანი. ლეზგიურ ენათგან კრიწული ენა ყველაზე ახლოს დგას ბუდუხურ ენასთან. კრიწულ ენაში შეიმჩნევა აზერბაიჯანულ ენის ლექსიკური ერთეულების, სიტყვათწარმოებითი საშუალებების და ზოგიერთი გრამატიკული ფორმის გამოყენება.

სამეურნეო ყოფა

რედაქტირება

კრიწთა მთავარი სიმდიდრე მთის საძოვრები და სათიბებია, რაც მეცხოველეობის განვითარების საშულებას იძლეოდა. მეცხოველეობა კი ოდითგანვე კრიწების ძირითადი საქმიანობა იყო (ლეზგიური ჯიშის ცხვარი, მსხვილფეხარქოსანი საქონელი, ცხენები). მეცხოველეობას ნახევრადმომთაბარე ხასიათი ჰქონდა. ზაფხულში ცხვარი და საქონელი სოფლის მახლობლად საძოვრებზე ჰყავდათ, შემოდგომაზე კი აზერბაიჯანის დაბლობში მიერეკებოდნენ. ფარებსა და ნახირთან ერთად მთას კრიწთა დიდი ნაწილიც ტოვებდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობის ბარში გადასვლა არა მხოლოდ საქონლის მოვლით იყო განპირობებული, არამედ მთაში პურისა და საწვავის შეტანის სიძნელეებით. კრიწებში მიწათმოქმედებას მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა. მთის ფერდობებზე ტერასები ჰქონდათ მოწყობილი. პურის დიდ ნაწილს ბარში ყიდულობდნენ, რადგან მთაში მოწეული პურეული (ძირითადად ქერი) მხოლოდ რამდენიმე თვეს ჰყოფნიდათ. მებაღეობა და მებოსტნეობა მაღალმთიანეთის ბუნებრივი გარემოს გამო, ფაქტობრივად, განუვითარებელი იყო. არ იყო განვითარებული შინამრეწველობაც. მხოლოდ ფარდაგებს, ხალიჩებს და წინდებს ქსოვდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრიწები“-დან