კოჯრის კაბენის მონასტრის კომპლექსი

არქიტექტურული ძეგლი

კოჯრის კაბენის მონასტრის კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჯორში. კოჯრის კაბენის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში. ვახუტი ბატონიშვილის ცნობით: „კიკეთს ქვეით, ხევსა შინა, არს მონასტერი კაბენისა. ყოფილ არს დედათა, გუნბათიანი, შვენიერი, აწ არს ხუცის სამარ. აღაშენა მეფემან თამარ, სამხრით, მას ზემორ, არს ციხე აზეულასი და აწ კოჟრისა, თხემსა ზედა კლდისასა.“ თავდაპირველად კომპლექსში სამი ეკლესია შედიოდა: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის გუმბათიანი ტაძარი, მის სამხრეთით მდგარი სვიმეონ მესვეტის სახელობის დარბაზული ეკლესია და მონასტრის ზღუდის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია, მცირე ეკლესიების სახელობა ადგილობრივმა ბერებმა გვამცნეს, ამ ცნობის საწინააღმდეგოდ რ. შმერლინგი, ვ. დოლიძე და თ. ბარნაველი მიიჩნევენ, რომ დიდი გუმბათიანი ეკლესიის სიახლოვეს, სამხრეთით მდგარი დარბაზული ეკლესია მიქაელ მთავარანგელოზის სახელობისაა, დასავლეთით ზღუდის გარეთ მდგარი ტაძარი კი სვიმეონ მესვეტის სახელობის ყოფილაო. გვიანი შუა საუკუნეების სვიმეონ მესვეტის სახელობის ეკლესია აშენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კარი გაჭრილია სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში, ამჟამად კარის ზედა და გვერდითა ნაწილები ჩამონგრეულია. თითო სწორკუთხა ფორმის სარკმელია განთავსებული აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელზე. საკურთხევლის აფსიდი სამრევლო სივრცისაგან გამოყოფილია პატარა მხრებით. კონქის თაღი ეყდნობა აფსიდის მხრებს. საკურთხევლის სარკმლის გვერდებზე ერთმანეთის პარალელურად განთავსებულია თითო თაღჩა, მათი გადახურვისა და გვერდების ქვის წყობა ადგილ-ადგილ მორღვეულია. ჩრდილოეთი კედელი ყრუა. ეკლესიას ეტყობა აღდგენის კვალი. შიგნიდან კამარისათვის გამოყენებულია ბეტონი და ნატეხი ქვა. სახურავი ჩამოშლილია. კონქისა და კამარის შეერთების ადგილას დიდი ნაპრალია. კედლებზე გაჩენილია ვერტიკალური ბზარები. როგორც ვიცით ეს ეკლესია თავადი სოლოღაშვილების ეკვდერს წარმოადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38181 38181