კოცხანა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური, შავი ფერის. კანი მკვრივი ან ნაკლებად მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი შეუფერავია, ტკბილი გემოთი.

ვაზი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 195-197 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შედის. მტევნის წონა საშუალოდ 148 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 7.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.8 გ/ლ-ს.

კოცხანასგან მზადდება ხარისხიანი და ჰარმონიული სუფრის წითელი ღვინო, რომელსაც ხილის ტონები აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 196-197