კორინთის კოშკი
კორინთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კორინთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
კოშკი, სტრატეგიული თვალსაზრისით, ძალზე მარჯვე ადგილას, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირას, კონცხზე დგას. აქედან კარგად მოჩანს ხეობის დიდი ნაწილი. ძეგლი ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. კოშკი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. პირველი სართული თითქმის მთლიანად მიწით არის ამოვსებული. ჩანს მხოლოდ მეორე და მესამე სართული და სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია ბუხარი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. მარჯვენა ნიშაში გაჭრილია სათოფურები. ამავე სართულის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში არქიტრავული შესასვლელებია. დასავლეთ კედელში კიდევ ორი სარკმლის კვალია. მესამე სართულის სამხრეთ კედელში შეწყვილებული ნიშებია. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია კუთხის პილასტრი. კოშკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები, რომელიც სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. კოშკი სერიოზულად არის დაზიანებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 103-104