კონ-ტიკი — მცირე ზომის იალქნიანი ხომალდი, რომელიც 1947 წელს ნორვეგიელმა მკვლევარმა თურ ჰეიერდალმა გამოიყენა სამხრეთ ამერიკიდან წყნარი ოკეანის გადაკვეთით პოლინეზიის კუნძულებისკენ გასაცურად. ხომალდს ინკების ერთ-ერთი ღმერთის ვირაკოჩას ძველი სახელი კონ-ტიკი უწოდეს. ჰეიერდალის მიერ დაწერილ წიგნს ამ მოგზაურობის შესახებ იგივე სახელი ეწოდება.

იალქნიანი ხომალდი კონ-ტიკის მუზეუმიდან

ჰეიერდალს მიაჩნდა, რომ სამხრეთ ამერიკის ხალხებს კოლუმბამდეც შეეძლოთ პოლინეზიის კუნძულებისკენ გაცურვა და იქ დასახლება. ჰეიერდალმა და მასთან მყოფებმა სცადეს დაემტკიცებინათ, რომ კოლუმბამდე არსებული მოსახლეობისთვისაც იყო შესაძლებელი ოკეანის გადაკვეთა იმ დროის საცურაო საშუალებებით. თუმცა, კონ-ტიკის ეკიპაჟს თანამედროვე საშუალებები, რადიო, რუკები, საათები, დანები და სხვ. მაინც ჰქონდა წაღებული ექსტრემალური შემთხვევისთვის.

კონ-ტიკის ექსპედიცია პირადი სესხებით დაფინანსდა, ამერიკელმა სამხედროებმა კი აღჭურვილობა აჩუქეს მოგზაურთა გუნდს. ჰეიერდალი თანამოაზრეებთან ერთად პერუს ეწვია, სადაც ესპანელი კონკისტადორების აღწერილობისა და ნახაზების მიხედვით ადგილობრივი მასალების გამოყენებით აფროსანი ააგეს და გავიდნენ ღია ოკეანეში. ჰეიერდალს 101-დღიან მოგზაურობაში თან ხუთი კომპანიონი ახლდა. მათ 4 300 მილი გადალახეს, სანამ 7 აგვისტოს რაროიას რიფს არ შეეჯახნენ ტუამოტუს კუნძულებთან. თუმცა, ყველა მგზავრი უვნებლად გადარჩა.

თურ ჰეიერდალის წიგნი ამ თავგადასავალზე ბესტსელერად იქცა. თავდაპირველად 1950 წელს გამოიცა შემდეგი სათაურით: „კონ-ტიკის ექსპედიცია, სამხრეთის ზღვების აფროსნით გადაკვეთა“, მოგვიანებით კი „კონ-ტიკი წყნარი ოკეანის გადაკვეთა აფროსნით“ ეწოდა.

ექსპედიციის დოკუმენტურმა სურათმა, რომელსაც ასევე კონ-ტიკი ერქვა 1951 წელს ჯილდო მიიღო. საოკეანო მოგზაურობა სატელევიზიო სერიალადაც გადაიღეს სათაურით: „თურ ჰეიერდალის ცხოვრება და თავგადასავალი“.

ნამდვილი კონ-ტიკი ამჟამად ოსლოს კონ-ტიკის მუზეუმშია დაცული და მნახველებისთვის არის წარმოდგენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Heyerdahl, Thor (1950). Kon-Tiki. Rand McNally & Company. At Internet Archive.
  • Hesselberg, Erik (1950). Kon-Tiki and I : illustrations with text, begun on the Pacific on board the raft "Kon-Tiki" and completed at "Solbakken" in Borre. Allen & Unwin
  • Andersson, Axel (2010) A Hero for the Atomic Age: Thor Heyerdahl and the Kon-Tiki Expedition (Peter Lang) ISBN 978-1-906165-31-4

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება