კოლბერგის მორალური განვითარების თეორია
ლოურენს კოლბერგმა შექმნა მორალური განვითარების თეორია,რომლის მიხედვითაც ადამიანი თავისი მორალური განვითარების პერიოდში გაივლის 6 სტადიას.კოლბერგი ადამიანის მორალურ განვითარებას 3 დონედ ჰყოფდა,რომლებიც თავისთავად შედგება 2 ქვედონისგან.ამ თეორიის მიხედვით, ყველა ადამიანი მორალური განვითარების სტადიებს ერთნაირი თანმიმდევრობით გადის, თუმცა — განსხვავებული სისწრაფით. ყოველ მომდევნო სტადიაზე გადასვლასთან ერთად მისი მორალური აზროვნება უფრო დახვეწილი და რთული ხდება.
პრეკონვენციური მორალი
რედაქტირებაამ სტადიაზე ადამიანებს არ აქვთ გათავისებული საზოგადოების წესები და კონვენციები, საყოველთაოდ მიღებული ნორმები სწორ და არასწორ საქციელთან დაკავშირებით. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ძირითადად იმის გათვალისწინებით,თუ რა შედეგი მოჰყვება მათ საქციელს თავად მათთვის.პატარა ბავშვები პრეკონვენციონალური მორალით ხელმძღვანელობენ.
დასჯის თავიდან აცილება
რედაქტირებაამ სტადიაზე მყოფი ადამიანები ძალაუფლების მქონე პირებს ემორჩილებიან იმისთვის,რათა დასჯა თავიდან აიცილონ. ისინი საქციელის სისწორეს იმის მიხედვით განსაზღვრავენ,მოჰყვება თუ არა მას სასჯელი. თუ ბავშვი რაღაც საქციელისთვის დასაჯეს, მაშინ ეს საქციელი არასწორია, მაგრამ თუ იგი ამ საქციელისთვის არ დაისჯება, სწორ საქციელად ჩათვლის მას.
დახმარების გაცვლა-გამოცვლა
რედაქტირებაამ სტადიაზე ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილება. გადაწყვეტილების მიღებისას სხვისი ინტერესების გათვალისწინება ხდება იმ შემთხვევაში,თუ მათი საჭიროებებიც დაკმაყოფილებული იქნება. ამ სტადიისთვის დამახასიათებელი მსჯელობაა: "თუ შენ რაღაცით დამეხმარები, მეც დაგეხმარები"
კონვენციური მორალი
რედაქტირებაამ დონეზე მოაზროვნე ადამიანები ეთანხმებიან საზოგადოებაში მიღებულ წესებს და ნორმებს სწორ და არასწორ საქციელთან დაკავშირებით. ისინი ემორჩილებიან და მისდევენ საზოგადოების წესებს და ნორმებს მაშინაც კი, როცა დამორჩილებას ან დაუმორჩილებლობას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. სკოლის ასაკის ბავშვები ამ მორალით ხელმძღვანელობენ.
კარგი ბიჭი/კარგი გოგო
რედაქტირებაამ სტადიაზე მყოფი ადამიანები ცდილობენ ისე მოიქცნენ და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომ ავტორიტეტებს ასიამოვნონ. ცდილობენ კარგი საქციელით მეგობრების, მშობლების, ნათესავების, გარშემომყოფების მოწონება დაიმსახურონ. გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ სხვათა ინტერესებს და განზრახვებს. ამ დონეზე ეგოცენტრიზმი მცირდება. ამ სტადიაზე მყოფ ადამიანებს უმრავლესობის აზრის გავლენის ქვეშ მოქცევის საშიშროება ემუქრებათ.
კანონი და წესები
რედაქტირებაამ სტადიაზე მყოფი ინდივიდები საყოველთაოდ მიღებული წესებით და კანონებით ხელმძღვანელობენ. მათ იციან, რომ წესები აუცილებელია საზოგადოებისთვის და თვლიან, რომ მათი ვალია კანონებს დაემორჩილონ. ამ სტადიაზე ადამიანები ბრმად ემორჩილებიან კანონებს და მათ სამართლიანობასა და სისწორეში ეჭვი არ შეაქვთ.
პოსტკონვენციონალური მორალი
რედაქტირებაამ სტადიაზე ადამიანები ხვდებიან, რომ წესები ცვალებადი მექანიზმებია, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაში გვეხმარება. ისინი არ არის ბრძანებები, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. ამ სტადიაზე ადამიანები ხელმძღვანელობენ საკუთარი პრინციპებით, რომლებიც ისეთ ღირებულებებს მოიცავს, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ დონეს ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ 25-30 წლის ასაკისთვის აღწევს.
სოციალური/საზოგადოებრივი კონტრაქტი
რედაქტირებაადამიანები ხვდებიან, რომ წესები აუცილებელი მექანიზმებია, რომლებიც გვეხმარება საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვაში. მათი აზრით, წესების შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს.
უნივერსალური ეთიკური პრინციპები
რედაქტირებაამ სტადიაზე ადამიანის მორალური აზროვნება ეყრდნობა აბსტრაქტულ და ზოგად პრინციპებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული საზოგადოების წესებსა და კანონებზე. ადამიანების მორალი დაფუძნებულია თავიანთ შინაგან უნივერსალურ სტანდარტებზე. ისინი დაემორჩილებიან წესებსა და კანონებს, თუ ეს კანონები მათ პრინციპებს ეთანხმება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნათია ჯანაშია,ნათელა იმედაძე,სოფიო გორგოძე "განვითარებისა და სწავლის თეორიები"
- Крайг Г., Бокум Д.-"Психология развития"
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლოურენს კოლბერგის რჩევები ბავშვის აღზრდის თაობაზე დაარქივებული 2022-01-18 საიტზე Wayback Machine.
- ქართული ლიტერატურა და კოლბერგის მორალური განვითარების თეორია დაარქივებული 2022-01-25 საიტზე Wayback Machine.
- Moral Development and Moral Education: An Overview დაარქივებული 2013-04-01 საიტზე Wayback Machine.
- Kohlberg's Moral Stages
- Boston Review article covering the topic and other related areas დაარქივებული 2005-10-13 საიტზე Wayback Machine.
- Kohlberg's Stages of Moral Development დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine.
- Summary and inspiration for Kohlbergs theory of moral development stages დაარქივებული 2011-12-06 საიტზე Wayback Machine.