კოკორჟინის ციხესიმაგრე
კოკორჟინის ციხესიმაგრე (ჩეხ. Hrad Kokořín) — ციხესიმაგრე ჩეხეთში. მდებარეობს ქალაქ მელნიკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 14 კმ-ზე. აგებულია XIV საუკუნის I ნახევარში. მნიშვნელოვნად დაზიანდა ჰუსიტური ომების შედეგად. აღადგინეს 1911-1918 წლებში.
1426 წელს ჰუსიტებმა ციხესიმაგრე დაიპყრეს და დაანგრიეს. ამის შემდეგ კოკორჟინი ხელიდან ხელში გადადიოდა და მისი მნიშვნელობაც დაეცა. 1544 წლიდა მოიხსენიება როგორც მიტოვებული. კოკორჟინის ბედი დამძიმდა, როდესაც იმპერატორმა ფერდინანდ III-მ იგი „დაწყევლილ ციხესიმაგრედ“ გამოაცხადა. 1894 წელს ციხესიმაგრე შეიძინა ბიზნესმენმა ვაცლავ შპაჩეკმა. მისი შვილი იანი ფლობდა ციხესიმაგრე პირველ მსოფლიო ომამდე და 1911-1918 წლებში მოხდა მისი რეკონსტრუქცია ნეოგოთიკურ სტილში. ციხესიმაგრე აღადგინეს არქიტექტორ ედუარდ სოხორის პროექტის მიხედვით, რომელსაც კონსულტაციას უწევდნენ ისტორიკოსები ავგუსტ სედლაჩეკი და ჩენეკ ზიბრტი.
1951 წელს მოხდა ციხესიმაგრის ნაციონალიზაცია. 2001 წელს გახდა ეროვნული ძეგლი, ხოლო 2006 წელს რესტიტუციის საფუძველზე დაუბრუნდა მის მფლობელ შპაჩეკებს.