კობათის ეკლესია
კობათის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საძეგურში, ქსნის მარცხენა მხარეს. აგებულია გარდამავალ ხანაში.
ძველ სასაფლაოსთან მდებარე დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვით. კუთხეებში გამოყენებულია შირიმი. წყობა სწორხაზოვანია.
ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ასევე სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში მასიური ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო არქიტრავული ნიშაა. სფერულ კონქზე გადასვლა ხდება ტრომპების საშუალებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ მოწყობილია ხის კანკელი. აქვე დევს ადრეული ქვის კანკელის ფრაგმენტი. აბსიდის იატაკის დონე სამი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით.
ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი კედლის წყობაში იძირება. დარბაზს ხარისხი შემოუყვება. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით.
სამხრეთით შესასვლელი არქიტრავულია. შემორჩენილია საურდულეები. ეკლესიის ფასადები სადაა. სამივე სარკმელი მოჩარჩოებულია შირიმის ქვით. აღმოსავლეთ სარკმელს მარტივპროფილიანი სათაური გააჩნია. ლავგარდანი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია დიდი ზომის ფიქალი. ეკლესიის გარშემო გალავანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 158-159