კლავდია დევდარიანი
კლავდია მანუილის ასული დევდარიანი (დ. 20 სექტემბერი, 1910, სოფ. მირონწმინდა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, — გ. 21 მარტი, 2003, თბილისი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1970).
დაამთავრა ქუთაისის ქალთა სასწავლებელი (1926), შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1930). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ხარაგაულში — მასწავლებლად, თბილისში — საქართველოს მწერალთა კავშირში (საბავშვო სექციის მდივანი), საქართველოს განათლების სამინისტროში, მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში (სამხატვრო საბჭოს წევრი).
1932 წლიდან თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1934 წელს ჟურნალ „პიონერში“ გამოაქვეყნა პირველი საბავშვო მოთხრობა „აღარ დაბრუნდა“. საბავშვო მოთხრობების კრებული „პნიას ქოჩორა“ 1941 გამოსცა. დევდარიანს ეკუთვნის: „მოთხრობები“ (1950), „დიდ გზაზე“ (1951); ბიოგრაფიული რომანები: „სიჭაბუკე პოეტისა“ (1957; ცალკე წიგნად, 1960), „სიცოცხლე და უკვდავება“ (1964, 1988), „ყმაწვილკაცობა მემატიანისა“ (1980); რომანები: „ძველი ფუძე“ (1966), „ორი რომანი“ (1988); მოთხრობა „დრო და სივრცე“ (1970, 1975, 1989); მხატვრული ნარკვევი „ცრემლი ვაზისა“ (1988); პიესა „დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე“ (დაიდგა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში 1970) და სხვ. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახელობის მედლით (1970), შიო მღვიმელის სახელობის პრემიით (1989), ღირსების ორდენით (1999).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 355.