კვაწახურა
კვაწახურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, მკვრივია ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო ან მცირედ ოვალური, თეთრი ფერის. კანი საკმაოდ სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით თხლად დაფარული. რბილობი წვნიანია ან ხორციან-წვნიანი, ტკბილი გემოთი.
კვაწახურა საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 196-198 დღეა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შე-დის. მტევნის წონა 148 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.8-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.8 გ/ლ-ს.
გამოიყენება საკმაოდ ჰარმონიული სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 185