კეფის ძვალი
კეფის ძვალი (ლათ. os occipitale) — კენტი ძვალი ადამიანის თავის ქალაზე. ყალიბდება ხრტილოვან საფუძველზე (ქიცვის ზედა ნაწილის გარდა), მასში ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში (VI-IX კვირა) წარმოიქმნება 6 გაძვალების წერტილი: თითო-თითო დიდი ხვრელსი წინ და გვერდებზე, სამი კი - უკან. ახალშობილთა კეფის ძვალს უკვე ოთხი განცალკევებული, ხრტილოვანი შეერთებით დაკავშირებული ნაწილი აქვს: ძირითადი, რომელიც დიდი ხვრელის წინაა, მის მოპირდაპირედ, უკან კეფის ქიცვი და მათ შორის ჩადგმული, წყვილი გვერდით ნაწილები. ოთხივე ნაწილის შეერთებით, მათ ცენტრში შეიქმნება მეტად მნიშვნელოვანი კეფის დიდი ხვრელი.
კეფის ძვლის გაძვალება
რედაქტირებაკეფის ძვლის განცალკევებული ნაწილეების საბოლოო დაკავშირება ძვლოვანი ქსოვილით (გაძვალება) საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და შემდეგი თანმიმდევრობით მიმდინარეობს: 4 წლის ასაკში ქიცვი შეუძვალდება გვერდით ნაწილებს, 6-10 წლის ასაკში ძირითადი ნაწილი საბოლოოდ უკავშირდება გვერდით ნაწილებს და დიდი ხვრელის ირგვლივ ამ დროისთვის უკვე ერთიანი, მტკიცე, დეფინიტურ ზომებს მიღწეული ძვლოვანი რგოლია, რომელიც ქალას ღრუს ხერხემლის არხთან აკავშირებს, კეფის ძვლის ზრდა ამის შემდეგაც გრძელდება მის ძირითად ნაწილსა და ძირითადი ძვლის სხეულს შორის ხრტილოვანი ჩანაფენის ხარჯზე.
აღწერა
რედაქტირებაძირითადი ნაწილი ოთხკუთა ფორმის თხელი ძვლოვანი ღეროა, რომელიც წინიდან ბოლოვდება უსწორმასწორო ზედაპირით. მისი ზედა, ქალას ღრუსკენა ზედაპირი სადაა, ხოლო ქვედაზე აღინიშნება კარგად შესამჩნევი ხახის ბორცვი. გვერდითი ნაწილები კეფის ძვლის მეტად მნიშვნელოვანი უბნებია, ვინაიდან კეფის ცალკეული ნაწილების შეკავების გარდა (კონსოლიდაცია), მათი საშუალებით ხორციელდება ქალას შესახსრება ხერხემალთან (ატლანტთან), რისთვისაც მას ქვედა ზედაპირზე ოვალური მძლავრი სასახსრე როკები აქვს. როკების უკანა ბოლოები გადადის თანამოსახლე ფოსოში, რომლის ძირშიც როკის არხი იხსნება. როკები გარედან (ლატერალურად) მოისაზღვრება საუღლე ნაჭდევით, რომელიც შიგა საუღლე მორჩით ორადაა გაყოფილი და უკნიდან საუღლე მორჩით მთავრდება. სატვინე ზედაპირის მხრიდან გვერდითი ნაწილების ქიცვში გადასვლსი უბანი გამსხვილებულია და ქმნის საუღლე ბორცვს, რომლის უკან და ქვეშ არსებული ხვრელით იწყება ზემოაღნიშნული როკის არხი (ემისარული ვენისთვის).
კეფის ქიცვი
რედაქტირებაკეფის ძვლის უკანა ნაწილი აპკისებრი წარმოშობისაა და საკმაოდ ვრცელ, შიგნიდან შედრეკილ თხელ ფირფიტას, ქიცვს ქმნის. მისი შიგა (სატვინე) ზედაპირის ცენტრში ჯვარედინა მაღლობებია , რომლისგანაც ჰორიზონტალურად ორივე მხარეზე მიემართება განივი სინუსის ღარი, ხოლო ვერტიკალურად: ზევით, ზედა საგიტალური სინუსის ღარი, ქვევით - კეფის შიგნითა ქედი. ქიცვის გარეთა ზედაპირის ცენტრალური ნაწილი გასქელებულია და ქმნის ძვლოვანი კოჟიჟის მსგავს კეფის გარეთა შემაღლებას. ახალშობილის კეფის ქიცვს მომრგვალებული ფორმა აქვს, ასაკის მატებასთან ერთად, ყიფლიბანდის დახურვის შემდეგ იგი სამკუთხა ფორმას ღებულობს, რომლის მწვერვალი შეჭედილია თხემის ძვლებს შორის საგიტალური ნაკერის უკანა კიდესთან. კეფის ქიცვი სათანადო კიდეებით უკავშირდება თხემისა და საფეთქლის ძვლებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაციტაძე ი., ადამიანის ანატომია, ტ. 1, გვ. 131–133, თბ., 2011.