კატაპულტი (ლათ. catapulta; ძვ. ბერძნ. καταπέλτης) — ბალისტიკური მოწყობილობა, გამოიყენებოდა ძველ და შუა საუკუნეებში ციხესიმაგრეების ალყის დროს.[1] კატაპულტი მისი ტვირთის მოძრაობაში მოსაყვანად იყენებს პოტენციური ენერგიის მოულოდნელ ბიძგს. მანქანა მოქმედებაში მოჰყავს დაგრეხილი ბოჭკოს დრეკად ძალებს.

ონაგრის, კატაპულტის ნაირსახეობის ძირითადი გეგმა

უძველესი დროიდან გამოიყენება კატაპულტი და დადასტურდა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი ომში. თანამედროვე დროში ეს ტერმინი შეიძლება ეხებოდეს მოწყობილობებს, დაწყებული მარტივი ხელის ხელსაწყოდან დამთავრებული გემიდან თვითმფრინავის გამშვებ მექანიზმამდე.

ყველაზე ადრეული კატაპულტები თარიღდება სულ მცირე ძვ. წ. VII საუკუნით. იუდეას მეფე უზიას ჩანაწერებში წერია, რომ იერუსალიმის კედლები აღჭურვა მანქანებით, რომლებიც ისვრიან „დიდ ქვებს“.[2]

ძვ. წ. V საუკუნეში ძველ ჩინეთში გაჩნდა კატაპულტის სახეობა.[3]

ბერძნული კატაპულტები გამოიგონეს ძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისში, რაც დაადასტურა დიოდორე სიცილიელმა, როგორც ბერძნული არმიის აღჭურვილობის ნაწილი ძვ. წ. 399 წელს და შემდეგ ძვ. წ. 397 წელს გამოიყენეს მოტიის ალყის დროს.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა კატაპულტა მომდინარეობს ლათინური catapulta-დან, რომელიც, თავის მხრივ, მოდის ძველი ბერძნულიდან: καταπέλτης (კატაპელტეს), რომელიც შედგება სიტყვებისგან κατά (კატა), რაც ნიშნავს „ქვევით“ და πάλλω (პალო), რაც ნიშნავს „სროლას, ტყორცნას“. კატაპულტები გამოიგონეს ძველ საბერძნეთში და ძველ ინდოეთში, სადაც მათ იყენებდა მაგადჰას მეფე აჯატაშატრუ დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისში ან შუა პერიოდში.

ბერძნული და რომაული კატაპულტები

რედაქტირება

კატაპულტა და არბალეტი საბერძნეთში მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. პრიმიტიული კატაპულტები არსებითად იყო „შედარებით მარტივი მცდელობების შედეგი, გაეზარდათ ჭურვების სროლის მანძილი და შემღწევი ძალა მათი მტყორცნი მშვილდის გაძლიერებით“.[4] ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი (მოღვაწეობდა ძვ. წ. I საუკუნეში) აღწერს მექანიკური ისრის მტყორცნი კატაპულტის (კატაპელტიკონი) გამოგონებას ბერძნული ჯგუფის მიერ ძვ. წ. 399 წელს.[5] ეს იარაღი მალევე გამოიყენეს მოტიას ალყის დროს (ძვ. წ. 397), კართაგენის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრის წინააღმდეგ სიცილიაში.[6][7]

არბალეტების შემოტანა უფრო ადრე პერიოდით თარიღდება: ალექსანდრიელი გამომგონებელი ჰერონის თანახმად (მოღვაწეობდა ახ. წ. I საუკუნეში), რომელიც იმოწმებდა ძვ. წ. III საუკუნის ინჟინერ ქტესიბიუსის დაკარგულ ნაშრომებს, ეს იარაღი შთაგონებული იყო ადრეული ფეხით დასაჭერი არბალეტით, სახელად გასტრაფეტესი, რომელსაც შეეძლო უფრო მეტი ენერგიის შენახვა, ვიდრე ბერძნულ მშვილდებს.[8][9]

მესამე ბერძენი ავტორი, ბიტონი (მოღვაწეობდა ძვ. წ. II საუკუნეში), რომლის სანდოობაც თანამედროვე მეცნიერებმა დადებითად შეაფასეს, აღწერს გასტრაფეტესის ორ გაუმჯობესებულ ფორმას, რომელსაც იგი მიაწერს ზოპიროსს, სამხრეთ იტალიელ ინჟინერს. ზოპიროსი სავარაუდოდ იყო პითაგორელი, რომელიც მოღვაწეობდა ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს. მან სავარაუდოდ შექმნა თავისი მშვილდ-მანქანები კუმაესა და მილეტის ალყების დროს ძვ. წ. 421-401 წლებს შორის. ამ მანქანების მშვილდებს უკვე ჰქონდათ საჭიანი უკან გადაჭიმვის სისტემა და შეეძლოთ ერთდროულად ორი ჭურვის სროლა.

ფილონ ბიზანტიელი გვაწვდის ალბათ ყველაზე დეტალურ ინფორმაციას ბელოპოეტიკის (ბელოს = „ჭურვი“; პოეტიკე = „კეთების ხელოვნება“) თეორიის შექმნის შესახებ ძვ. წ. 200 წლის ახლოს. ამ თეორიის ცენტრალური პრინციპი იყო ის, რომ „კატაპულტის ყველა ნაწილი, ჭურვის წონისა და სიგრძის ჩათვლით, პროპორციული იყო გრეხილი ზამბარების ზომის“.

ძვ. წ. IV საუკუნის შუა პერიოდიდან, ბერძნების მიერ ისრის მსროლელი მანქანების გამოყენების მტკიცებულებები უფრო მრავალფეროვანი ხდება. ალექსანდრე დიდი იყო შემდეგი მთავარსარდალი ისტორიაში, ვინც ასეთი კატაპულტები ბრძოლის ველზე გამოიყენა.

რომაელებმა დაიწყეს კატაპულტების გამოყენება სირაკუზის, მაკედონიის, სპარტასა და ეტოლიის წინააღმდეგ ომებში (ძვ. წ. III და II საუკუნეები). რომაული მანქანა, ცნობილი როგორც არკუბალისტა, ჰგავდა დიდ არბალეტს. მოგვიანებით რომაელები იყენებდნენ ბალისტა კატაპულტებს თავიანთ საომარ გემებზე.

სხვა ანტიკური კატაპულტები

რედაქტირება

ქრონოლოგიური თანმიმდევრობით:

  • ძვ. წ. XIX საუკუნე, ეგვიპტე - ბუჰენის ციხე-სიმაგრის კედლებში, როგორც ჩანს, იყო პლატფორმები საალყო იარაღებისთვის.
  • დაახლოებით ძვ. წ. 750 წელი, იუდეა - დოკუმენტურად დასტურდება, რომ მეფე უზია ზედამხედველობდა მანქანების მშენებლობას, რომლებსაც „დიდი ქვების სროლა“ შეეძლოთ.
  • ძვ. წ. 484-468 წლებს შორის, ინდოეთი - ჯაინურ ტექსტებში აღნიშნულია, რომ აჯატაშატრუ იყენებდა კატაპულტებს ლიჩჰავების წინააღმდეგ კამპანიაში.
  • ძვ. წ. 500-300 წლებს შორის, ჩინეთი - დაფიქსირებულია მანგონელების გამოყენება. სავარაუდოდ მათ იყენებდნენ მოისტები უკვე ძვ. წ. IV საუკუნეში, რომელთა აღწერაც შეიძლება ვიპოვოთ „მოჯინგში“ (შედგენილი ძვ. წ. IV საუკუნეში). „მოჯინგის“ მე-14 თავში მანგონელი აღწერილია როგორც იარაღი, რომელიც ისროდა მოწინააღმდეგე ჯარებისკენ გულგამოღებულ მორებს, რომლებიც სავსე იყო მბჟუტავი ნახშირით. მანგონელი დასავლეთისკენ ავარებმა წაიღეს და შემდეგ გამოჩნდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ახ. წ. VI საუკუნის ბოლოს, სადაც მან ჩაანაცვლა გრეხაზე მომუშავე საალყო მანქანები, როგორიცაა ბალისტა და ონაგრი, მისი უფრო მარტივი დიზაინისა და ცეცხლის გახსნის უფრო სწრაფი ტემპის გამო. ბიზანტიელებმა მანგონელი შესაძლოა აითვისეს უკვე 587 წელს, სპარსელებმა VII საუკუნის დასაწყისში, და არაბებმა ამავე საუკუნის მეორე ნახევარში. ფრანკებმა და საქსებმა ეს იარაღი VIII საუკუნეში აითვისეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • „Catapult“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 5 (11th ed.). 1911.
  • „Types“, Ancient Greek Artillery Technology, DE: Mlahanas, http://www.mlahanas.de/Greeks/war/CatapultTypes.htm.
  • „Catapult Plans and Design“, Trebuchet store, Red stone projects, http://www.redstoneprojects.com/trebuchetstore/build_a_catapult.html.
  • „Animated Catapults“, Trebuchet store, Red stone projects, http://www.redstoneprojects.com/trebuchetstore/catapultanimation.html.
  • „Medieval Catapult Articles“, Medieval castle siege weapons, http://www.medieval-castle-siege-weapons.com/medieval-catapults.html. წაკითხვის თარიღი: 2005-08-20.
  • A Modern Spring Loaded Catapult in Action, FVC3, http://www.fvc3.com/trebuchet. წაკითხვის თარიღი: 2009-10-10.
  1. Gurstelle, William (2004). The art of the catapult: build Greek ballista, Roman onagers, English trebuchets, and more ancient artillery. Chicago: Chicago Review Press. ISBN 978-1-55652-526-1. OCLC 54529037. 
  2. Bible, King James Version. ციტირების თარიღი: 2022-01-19
  3. Chevedden et al. (1995), abstract at medievalists.net, quote: "The trebuchet, invented in China between the fifth and third centuries B.C.E., reached the Mediterranean by the sixth century C.E."
  4. Hacker, Barton C (1968), "Greek Catapults and Catapult Technology: Science, Technology, and War in Ancient World", Technology and Culture 9 (1): 34–50, .
  5. Diod. Sic. 14.42.1.
  6. Diod. Sic. 14.50.4
  7. Campbell 2003, p. 8.
  8. Cuomo, Serafina (2004), "The Sinews of War: Ancient Catapults", Science 303 (5659): 771–772, , PMID 14764855, https://eprints.bbk.ac.uk/644/1/Binder1.pdf.
  9. Burstein, Stanley M; Donlan, Walter; Pomeroy, Sarah B; Roberts, Jennifer Tolbert (1999), Ancient Greece: A Political, Social, and Cultural History, Oxford University Press, p. 366, ISBN 0-19-509742-4, https://archive.org/details/ancientgreecepol00sara/page/366.