კაპიტა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ოდნავ წაგრძელებული, ზოგჯერ მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდია, ცილინდრულ-კონუსური, დატოტვილი ან უფორმო, საშუალო სიმკვრივის. მტევანში წვრილმარცვლიანობა ხშირად 20%-ს აღწევს. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მოშავო-მოწითალო ფერის. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია, წვენი შეფერილი.

კაპიტა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 160-200 გრამია, ხოლო საჰექტარო მოსავლიანობა — 9.0-11.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-8 გ/ლ-ს.

მიიღება საკმაოდ ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო, რომელიც ხასიათდება სიხალისითა და სისრულით, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით და კარგი ალუბლისფერი შეფერვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 178-179