კაიშაურნის ციხე
კაიშაურნის ციხე — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურნში, დიდველის პლატოზე.
კოშკიდან პანორამული ხედი იშლება როგორც დიდველის პლატოზე, ასევე ხადის ხეობის ნაწილზე და თეთრი არაგვის ხეობაზე. აქედან, ასევე კარგად ჩანს დიდველის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. კოშკი კლდოვან ქანზეა აგებული. აშენებულია ბაზალტის დიდი მართკუთხა და ირეგულარული ფორმის ქვებით. წყობა ჰორიზონტალურია. კოშკის ზურგიანი მხარე ჩრდილო-დასავლეთითაა მიმართული, ხოლო შუბლი - სამხრეთ-აღმოსავლეთით. კოშკი სამი სართულის დონეზეა შემორჩენილი. ზედა სართულების კედლები მიწისძვრის შედეგადაა მორღვეული. პირველი სართული ყრუა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე სართულის დონეზე მიწის ზედაპირიდან 5-6 მეტრის სიმაღლეზე, გაჭრილია სწორკუთხა, ნაოთხალიანი კარი, რომელიც არქიტრავის მასიური ქვითაა გადახურული. ჩრდილოეთ კედელში კვადრატული ნიშია მოწყობილი. ზედა სართულში ასასვლელი სწორკუთხა ღიობი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარესაა მოქცეული. სამხრეთ-დასავლეთ ფასადის ერთ-ერთ, ჰორიზონტალურად წაგრძელებულ ქვაზე კონტრრელიეფში შესრულებულია ბუნზე დაფუძნებული, მცირე ზომის, მკლავებგაფართოებული ჯვარი. კოშკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბაზალტის მოზრდილი ლოდებით ამოყვანილი ცოკოლი შემოუყვება. კოშკი ადრეული ხადის ხეობაში მეტად გავრცელებული ადრეული ეტაპის ზურგიანი კოშკების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც დღემდე შედარებით კარგადაა შემორჩენილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6602