კავთის წმინდა გიორგის ეკლესია (ცხინვალი)
კავთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქალაქ ცხინვალში, ტელმანის ქუჩა 85-ზე. აგებულია X-XI საუკუნეებში, წარმოადგენდა კინოგაქირავების საწყობს.
ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე, რომელიც შემდეგ შეულესიათ. ფასადების კუთხეები კარგად თლილი ქვითაა ამოყვანილი. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. აბსიდის ცენტრში მაღალ თაღოვან ნიშში ორმაგჭრილიანი, თაღოვანი სარკმელია, შუაში ქვის სვეტი. აბსიდის სამხრეთით სწორკუთხა და ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშებია. ნახევარსფერულ კონქში შემორჩენილია ფრესკების ფრაგმენტები. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.
ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები და კედლის თაღები ორსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. კამარის ცენტრალური თაღი ორსაფეხურიანია. სამხრეთი კედლის თაღის მალებში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმლები. ინტერიერი მთლიანად შელესილია. ნალესობა მრავალ ადგილას ჩამოცვენილია.
ეკლესიას შესასვლელი სამივე მხრიდან ჰქონდა, აქედან ჩრდილოეთისა და სამხრეთის ამოშენებულია. დასავლეთ შესასვლელს შეისრული თაღი აქვს. კარი ნაოთხალია. შესასვლელის თაღი მასიურ წირთხლებს ეყრდნობა. დასავლეთ ფასადზე ორი უსისტემოდ ჩალაგებული ჩუქურთმიანი ქვაა. აღმოსავლეთ სარკმლის შუა სვეტზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ჩრდილოეთი და სამხრეთი ფასადები გლუვია. ეკლესიის კარნიზი თაროა. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ერთსაფეხურიანი ცოკოლი საკმაოდ მაღალია.
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- МеписашвилиР., ЦинцадзеВ., ПамятникиУ-Х1 вв. Вкн.:"АрхитектуранагорнойчастиисторическойпровинцииГрузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 33.
- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 226-227