იქისუს ციხე
იქისუს ციხე — ციხე თუქეთში, სოფელ ოვუნდუში.
თორულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ში, იქ სადაც მდინარე იქისუ, იგივე ყარამუსტაფას, იგივე დიპოტამოსის მდინარე ხარშიტს უერთდება, თანამედროვე სოფელი ოვუნდუა. სოფელის ცენტრში გამავალი მდინარის მარჯვენა მხარეს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ოვუნდუს ციხეა. მის საპირისპიროდ, მდინარის მარცხენა მხარეს კი იქისუს ციხე. მისთვის ციხის მშენებლებს მეტად ხელსაყრელი ადგილი შეურჩევიათ. ნაგებობა მაღალ წოწოლა კლდის თავზე დაუშენებიათ. იგი ოთხივე მხრივ ფაქტობრივად მიუვალია. ერთადერთი შედარებით საკმაოდ რთული მისადგომი სამხრეთ აღმოსავლეთიდან აქვს. ნაგებობა ისეა შერწყმული კლდოვან რელიეფთან, რომ თითქმის შეუმჩნეველია და მთის კლდოვანი შვერილის შთაბეჭდილებას ტოვებს სივრცეში. დღეისათვის შემორჩენილია მისი ჩრდილოეთი კედელი, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 6-7 მეტრს აღწევს. დანარჩენი გალავნის კედლები საძირკვლების დონემდეა მორღვეული. ემჩნევა ნგრევისა და აღდგენის კვალი. ციხის ძირითადი ნაწილი ნაგები ყოფილა კვადრატული ფორმის დამუშავებული ქვებით, წესიერი წყობით კირხსნარზე. ეს ნაგებობაც ოვუნდუს ციხე კოშკის მსგავსად, ადგილობრივთა აშენებული უნდა იყოს. ჩანს მისი მოგვიანო ეპოქებშიც გამოყენების კვალიც. იგი ოვუნდუს ციხესთან ერთად აკონტროლებდა გუმუშხანე ბაიბურთისაკენ თუ შირან ერზიჯანისაკენ მიმავალ გზებს. მათ შორის ის განსხვავებაა მხოლოდ, რომ ოვუნდუს ციხე ზედ გზაზეა, ხოლო იქისუს კი ოდნავ ზემოთ და იქიდან დაჰყურებს გზასაც და ციხესაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 44-45 ISBN 978-9941-8-1990-2.