ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იულია ქალწული, იულია კორსიკელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 ივლისი, ახალი სტილით - 29 ივლისი.

წმინდა იულია ქალწული

ცხოვრება

რედაქტირება

წმინდა მოწამე იულია ქალწული კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როდესაც მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.

ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმინდა ქალწულიც თან გაიყოლა. როდესაც ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როდესაც მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნის შესრულებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ... ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. როდესაც იულიას წმინდა სული ნაწამებ სხეულს გაეყარა, ბრბოს ნაწილმა შენიშნა, თუ როგორ მოსწყდა თოვლივით სპეტაკი მტრედი მის ბაგეებს, სხვებმა კი ნეტარის სხეულს გარშემორტყმული ნათლის ანგელოზები იხილეს ცხადად... საკვირველი ჩვენებებით დამფრთხალი უღმრთოები სწრაფად განერიდნენ იქაურობას, მარტვილის ცხედარი კი ჯვარზე დატოვეს. იმავე ღამეს მეზობელ კუნძულზე მდებარე მონასტრის ბერებს ღვთაებრივი გამოცხადებით ებრძანათ, თავიანთ სავანეში დაეკრძალათ უფლის სათნომყოფლის ნეშტი. ძმები ასეც მოიქცნენ.

763 წელს წმინდა იულიას უხრწნელი, სასწაულთმოქმედი ნაწილები ქალაქ ბრესჩიის დედათა მონასტერში გადააბრძანეს (ნეტარის მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი: ერთი ცნობით ის 440 წელს აღესრულა, სხვა წყაროთა მოწმობით კი - 626 წელს).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_ქალწული“-დან