ირმა გრეზე
ირმა გრეზე (გერმ. Irma Grese; დ. 7 ოქტომბერი, 1923 — გ. 13 დეკემბერი, 1945) — რევენსბრიუკის, აუშვიც-ბირკენაუსა და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკების ზედამხედველი. ცნობილია როგორც მესამე რაიხის უსასტიკესი ქალი. ჰქონდა მეტსახელები:„ქერათმიანი ეშმაკი“ და „სიკვდილის ანგელოზი“.[1] მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, დასავლეთის პრესაში მუდამ განიხილებოდა შესაძლო სექსუალური დევიაციები გრეზეს მხრიდან, მისი მრავალრიცხოვანი კავშირი ესესელებთან.
ირმა გრეზე | |
---|---|
ირმა გრეზე 1945 წელს | |
ნამდვილი სახელი | ირმა იდა ილზა გრეზე |
დაბ. თარიღი | 7 ოქტომბერი 1923 |
დაბ. ადგილი | ფელდბერგერ-ზეენლანდშაფტი, მეკლენბურგი |
გარდაცვალების თარიღი | 13 დეკემბერი, 1945 (22 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჰამელნი, გერმანია |
მოქალაქეობა |
ვაიმარის რესპუბლიკა ნაცისტური გერმანია |
მამა | ალფრედ გრეზე |
დედა | ბერტა გრეზე |
განაჩენი | ჩამოხრჩობა |
დაიბადა 1923 წლის 7 ოქტომბერს ფელდბერგერ-ზეენლანდშაფტში, მამამისი ალფრედ გრეზე იყო ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის წევრი 1937 წლიდან. 1936 წელს მისმა დედამ ბერტა გრეზემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. რამდენიმე წლის შემდეგ გრეზემ სკოლა მიატოვა. საკმარისი განათლება არ მიუღია. გარკვეული ხნით მუშაობდა მედდის ასისტენტად. 1942 წელს გახდა სს-ის წევრი, სამუშაოდ გაუშვეს რევენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში, ხოლო 1943 წლის მარტში გადაინაცვლა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, კერძოდ მის ერთ-ერთ ქვედანაყოფში — ბირკენაუში, სადაც სულ მალე უფროს ზედამხედველად დანიშნეს. გამოირჩეოდა სისასტიკით. მუდამ მძიმე ჩექმებში დადიოდა, პისტოლეტთან ერთად თან ატარებდა აგრეთვე დაწნულ შოლტს. პატიმრებზე ცდებს ატარებდა, რისთვისაც იყენებდა ემოციურ და ფიზიკურ მეთოდებს,[2] აგრეთვე ტუსაღებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა. განსაკუთრებით აინტერესებდა მკერდის მოკვეთის ოპერაციები.[1] პატიმრების კანისგან აბაჟურს ამზადებდა.[2]
1945 წლის 17 აპრილს გრეზე ინგლისელებმა დააკავეს ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ბერგენ-ბელზენის პროცესის დროს, რომელიც 1945 წლის 17 სექტემბრიდან 17 ნოემბრამდე გაგრძელდა გრეზე დამნაშავედ სცნეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. სიკვდილის წინ იცინოდა, მღეროდა ნაცისტურ სიმღერებს. 1945 წლის 13 დეკემბერს ჩამოახრჩვეს.[2]