არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ვარლაამი და იოასაფი.

იოდასაფი (იოასაფი) — ინდოეთის მეფის, აბენესის ძე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 19 ნოემბერი, ახალი სტილით - 2 დეკემბერი. გაქრისტიანდა მამამისის სურვილის საწინააღმდეგოდ. მისი სულიერი მოძღვარი იყო ღირსი ბარლაამი რომელსაც უფალმა აუწყა, რომ ჭეშმარიტების არსზე ჩაფიქრებულ მეფისწულს სულიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. წმინდანმა დატოვა სამოღვაწეო ადგილი, ვაჭრის სამოსელი გადაიცვა, სასახლეში მივიდა და მეფისწულის გამზრდელს შეუთვალა: „მაქვს მე თვალი პატიოსანი და უკუეთუ გნებავს, მიიღე იგი მეფისა ძისათვის, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თვალთა და ყრუთა ასმენს, და უტყვთა ატყვებს, და უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყვებს“. ღვთის ნებით, მან შეაღწია იოასაფთან და ჯერ იგავებით, შემდეგ კი წმიდა სახარებიდან და სამოციქულოდან მოხმობილი ადგილებით ქრისტიანული სწავლება განუმარტა. ბარლაამის შეგონებებიდან ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ძვირფასი თვალი - მაცხოვრის სარწმუნოებაა, გულით მიიღო იგი და მოინათლა. წასვლის წინ წმიდა მოძღვარმა სულიერ შვილს დაუბარა: „დაუმარხე ღმერთსა სჯული მისი, რომელი მოგცა ჩემ მიერ. განეკრძალე, რათა არა გარდაჰხდე მცნებათა მისთა და შთაჰვარდე მთხრებლსა წარწყმედისასა“. პასუხად კი მიიღო: „შენ მხადი ძედ მეფისა და არა ვარ ძე მეფისა, არამედ მონა და ძე მეუფისა უკვდავისა“.

ვიკიციტატა
„„ამიერითგან იწყო იოდასაფ მარხვად და ლოცვად ღმრთისა მიმართ. და რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად და ტირილითა და სულთქმითა აღასრულებდა ლოცვათა თვისთა“.“

როცა ძის გაქრისტიანება შეიტყო, აბენესი რისხვამ და მწუხარებამ შეიპყრო. მაშინ ერთ-ერთმა დიდებულმა მას აუწყა ჯადოსნის, ნაქორის შესახებ, რომელიც გარეგნულად ძლიერ ჰგავდა ბარლაამს და ურჩია, ის გამოეყენებინათ მეფის ძის წარმართობისკენ მისაბრუნებლად. მეფის მხედრებმა უდაბნოში ბარლაამის თანამოსაგრეები მოიძიეს, დახოცეს, ნაკუწ-ნაკუწ აჩეხეს და მათი ნაწილები გზაზე მიმოაბნიეს. ბარლაამის ნაცვლად, რომელსაც, ღვთის ნებით, ვერ მიაკვლიეს, მათ ქალაქში ნაქორი ჩაიყვანეს. ამის შემდეგ, აბენესის ბრძანებით, ქრისტიანები და წარმართები ერთმანეთს დაუპირისპირეს. კამათში ქრისტიანების მხრიდან იოასაფის გარდა, ბარლაამად საგონებელ ნაქორს უნდა მიეღო მონაწილეობა და თავი დამარცხებულად ეცნო. ღვთის განგებით, ქრისტიანულ სწავლებას გაცნობილმა ჯადოქარმა არა მარტო დაამარცხა წარმართები, არამედ წრფელი გულით ირწმუნა ქრისტე, შეინანა, მოინათლა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. ამის შემდეგ მეფემ მოუწოდა უმშვენიერეს ქალწულებს და იოასაფის ცოლობას დაჰპირდა მას, ვინც მის ცთუნებას შესძლებდა. ასულები „წინა უროკვიდეს და სტვირითა და ჩანგებითა ქებასა შეასხმიდეს“ მეფის ძეს. წმინდანი ვნებების დასაცხრობლად სანთლის ალზე ადებდა ხელს და ტკივილისაგან შეწუხებული, ბრძნულად ამხელდა საკუთარ თავს: „ჰოი, იოდასაფ საწყალო, უკუეთუ ვერ დაუდგამ აწ ცეცხლსა შენსავე აღნთებულსა და კვალად დაშრეტადსა და მას საუკუნეთა ვითარ დაუდგნე ცეცხლსა დაუშრეტელსა და ვითარ მოითმენ ბნელსა მას გარესკნელსა? აწ დასცხერ ბოროტისაგან და ცოდვისა“.

იოასაფს სიბრძნისა და გონიერებისათვის ძლიერ მოეწონა ერთ-ერთი მისთვის მიჩენილ ქალწულთაგანი - მეფის ასული, რომელიც აბენესს ტყვედ ჰყავდა წამოყვანილი. ეს დედაკაცი ნეტარს ევედრა, მხოლოდ ერთი ღამე თანა-ჰყოფოდა მას, თუ სურდა, რომ მისი სული გადაერჩინა და ქრისტიანობაზე მოექცია. იოასაფიც „მიდრკა ნებასა ქალისასა მიზეზითა, რათა აცხოვნოს იგი, და შეაშთობდეს გულის-სიტყვანიცა“. ამასობაში მას ჩაეძინა და სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა მართალთათვის განმზადებული „საშვებელნი მრავალფერნი სამოთხისანი“ და ჯოჯოხეთის სატანჯველები - ცოდვილთა საუკუნო მისაგებელი. გამოფხიზლებულმა, გულისხმაყო ზეციური შეგონება, ადიდა უფალი და ყველა ქალი გაასხა სასახლიდან.

მეფემ დიდებულთა რჩევით იოასაფი თავისი სახელმწიფოს ერთ ნახევარზე გაამეფა. ნეტარი მეფისწული წინ არ აღდგომია მამის ნებას - „არა თუ სიყვარულისათვის მეფობისა, არამედ მორჩილებისათვის“. ტახტზე ასვლის შემდეგ მან მამისგან ბოძებული ოქრო-ვერცხლი გლახაკებს დაურიგა, ააღორძინა დაქცეული ტაძრები, ახლებიც ააგო და ღვთისმსახურება კეთილად გამართა. აბენესმა იხილა „მოკლება სამეფოისა მისისა“ და იოასაფის სამეფოს საოცარი აყვავება და ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მთელ ერს ნათელსცა.

ბარლაამისა და იოასაფის ცხოვრება შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძეგლია. თხზულება ქართულად IX საუკუნეში უთარგმნიათ არაბული ენიდან. იგი ჩვენამდე ორი - ვრცელი და მოკლე - რედაქციითაა მოღწეული.